პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დღეს, 15 აგვისტოს, საღამოს 20:00 საათზე დაგეგმილია ქართველი ოლიმპიელების მიღება და დაჯილდოება. მისი თქმით, ამის შესახებ რამდენიმე საათით ადრე შეატყობინეს. თუმცა პრეზიდენტი არ აპირებს მთავრობის ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას.
სალომე ზურაბიშვილი ასახელებს ორ მიზეზს, რატომაც ამბობს უარს დღეს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე.
“მე არ მჩვევია კინკლაობა – სხვა დონის პოლიტიკური საკითხები გაგვაჩნია გასარჩევად – მაგრამ მაშინ, როცა ვაცილებდით ოლიმპიელებს ყველანი ერთად, მე გამოვაცხადე, რომ დავხვდებოდი აქ სექტემბერში, როცა დაბრუნდებოდნენ. მე მაქვს სერიოზული ორი მიზეზი, რატომაც არ შეიძლება ასე სასწრაფოდ დაჯილდოება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს არის სერიოზული საქმე და არა აჩქარებულ ტემპში გასაკეთებელი, მაგრამ ორი მთავარი მიზეზი არის სხვა:
ერთი, რომ მე ვთვლი, ეს არის ის საკითხი, რომელიც მართლაც აერთიანებს ყველას, საზოგადოებას, და ეს უნდა ვიზეიმოთ ყველამ ერთად და არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს. მე ვაპირებ, რომ მოვაწყო სახალხო ზეიმი.
მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი: პარაოლიმპიადა იწყება ახლა და გრძელდება 8 სექტემბრამდე. წარმოუდგენელია! არ ვიცი, ვის ავიწყდება – სპორტის მინისტრს თუ მთლიანად მთავრობას. როგორ შეიძლება ჩვენ ვიზეიმოთ ცალკე იმ სპორტსმენების დაბრუნება, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მთავარ ოლიმპიურ თამაშებში, და ცალკე პარაოლიმპიელების. არა! არანაირი დისკრიმინაცია! ეს არის მიუღებელი. ყველას ერთად მივიღებთ, მთლიანად ხალხი, საზოგადოება ყველას – ოლიმპიელებს და პარაოლიმპიელებს. გელოდებით სექტემბერში”, – განაცხადა პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე, რომელიც სპეციალურად ამის სათქმელად ჩაატარა.
მან კიდევ ერთხელ მიულოცა საზოგადოებასა და ოლიმპიადის მონაწილეებს, განსაკუთრებით პრიზიორებს, ის წარმატება, რასაც ქართველმა სპორტსმენებმა პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მიაღწიეს.