საზოგადოება

შეწყვეტილი მატჩი ქალთა კრივში და პოლემიკა ოლიმპიადაზე

2 აგვისტო, 2024 •
შეწყვეტილი მატჩი ქალთა კრივში და პოლემიკა ოლიმპიადაზე

იტალიელმა მოკრივემ ანჯელა კარინიმ რინგი ატირებულმა დატოვა მას შემდეგ, რაც ალჟირელ იმანე ხელიფთან 46 წამში დამარცხდა.

აღნიშნული ეპიზოდი კამათის მიზეზი გახდა, რადგან ხელიფი არის ერთ-ერთი იმ ორ მოკრივეს შორის, რომლებსაც ოლიმპიადაზე ბრძოლის უფლება მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ შარშან ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე დისკვალიფიცირებულები იყვნენ. მათ დისკვალიფიკაცია მიიღეს “გენდერული უფლებამოსილების ტესტებში” გამოვლენილი შეუსაბამობების გამო.

წლევანდელ ოლიმპიადას და შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატს კრივში სხვადასხვა ორგანიზატორები ჰყავს. ოლიმპიადას ატარებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC), ხოლო კრივის მსოფლიო ჩემპიონატს- კრივის საერთაშორისო ასოციაცია (IBA).

IBA-ს (კრივის საერთაშორისო ასოციაციას) შარშან არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ ვერ ჩააბარეს მოკრივეებმა გენდერული ტესტები, მაგრამ განმარტა, რომ ტესტოსტერონის გამოკვლევა არცერთს ჩატარებია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმანე ხელიფი სხვა ტესტით შეამოწმეს. არც 25 წლის ხელიფი და არც ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, 28 წლის ლინი არ იდენტიფიცირდებიან ტრანსგენდერებად. IBA-ის პრეზიდენტმა რუსეთიდან, უმარ კრემლევმა თქვა, რომ დნმ-ის ტესტის თანახმად ამ ორ სპორტსმენს XY ქრომოსომა აქვთ. XY არის ქრომოსომების კომბინაცია მამაკაცებში, ხოლო XX – ქალებში, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც XY გენოტიპის მქონე ადამიანებს ქალის ვიზუალი, მათ შორის, რეპროდუქციული სისტემა აქვთ.

ბრძოლის დაწყებამდე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ალჟირელ ხელიფსა და ლინ იუ-ტინგს ამ თამაშებზე ქალთა კატეგორიაში ასპარეზობის უფლება მისცეს.

პარიზის ოლიმპიადაზე ხელიფის პირველმა დარტყმამ კარინის ყბა დაუზიანა, მეორემ კი სისხლდენა გამოიწვია. რამდენიმე დარტყმის შემდეგ კარინი თავის კუთხეში დაბრუნდა და დანებების ნიშნად ხელი ასწია. ის შემდეგ მუხლებზე დაეცა ტირილით  და ოპონენტისთვის ხელის ჩამორთმევაზეც უარი თქვა.

კარინის თქმით, მას შემდეგ დანებდა, რაც ისეთი დარტყმა მიიღო, როგორიც აქამდე სხვა არცერთ ბრძოლაში არ განუცდია და შეეშინდა, რომ ცხვირი გაუტყდებოდა.

”მე რინგზე წავედი მამაჩემის პატივსაცემად. ხშირად მეუბნებოდა, რომ მეომარი ვიყავი, მაგრამ ჯანმრთელობისთვის გაჩერება მერჩივნა. მე არასოდეს მიგრძვნია ასეთი დარტყმა. ყოველთვის ვცდილობდი ღირსეულად მოვქცეულიყავი, ყოველთვის ერთგულებით წარმოვადგენდი ჩემს ქვეყანას. ამჯერად ვერ მოვახერხე, რადგან ბრძოლა აღარ შემეძლო. განურჩევლად იმისა, თუ ვინ იყო ჩემი მოწინააღმდეგე, მე მხოლოდ გამარჯვება მინდოდა“, – ამბობს კარინი.

კარინის ჰკითხეს, უმჯობესი იქნებოდა თუ არა, რომ წინასწარვე გაეუქმებინათ მატჩი, რაზეც უპასუხა, რომ მსგავსი დამოკიდებულება მისთვის მიუღებელია და მისი გადასაწყვეტი არ არის, სამართლიანი მეტოქე შეურჩიეს თუ არა.

“ჩემთვის ეს არ არის დამარცხება – ჩემთვის, თუ რინგზე გადიხარ, უკვე მოიგე, ყველაფრის მიუხედავად. ჩემი გადასაწყვეტი არ არის იმის თქმა, სამართლიანია თუ არა ეს მეტოქეობა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიმარჯვებდი, ვიყავი კონცენტრირებული, მშვიდი, თუმცა მსგავსი დარტყმები ცხვირში ძალიან მტკივნეული იყო”, – ამბობს ის.

რაც შეეხება თავად ხელიფს, მან მხოლოდ რამდენიმე სიტყვით უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს და აღნიშნა, რომ ოლიმპიადაზე ოქროს მედლისთვისაა ჩასული და ნებისმიერ მოწინააღმდეგეს დაამარცხებს.

რიმ ალსალემმა, გაეროს სპეცმომხსენებელმა ქალებზე ძალადობის საკითხებში, აღნიშნული ორთაბრძოლის გამო შეშფოთება გამოთქვა.

„ანჯელა კარინი სწორად მიჰყვებოდა თავის ინსტინქტებს, პრიორიტეტად აქცია თავისი ჯანმრთელობა, მაგრამ ქალი სპორტსმენები სქესის გამო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი არ უნდა გახდნენ“, – დაწერა მან ტვიტერზე.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ თქვა, რომ სპორტსმენები, რომლებსაც აქვთ მამრობითი გენეტიკური მახასიათებლები, არ უნდა დაუშვან ქალთა შეჯიბრებებში.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC), რომელიც ოლიმპიადის ორგანიზატორია, გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც დაადასტურა, რომ ორივე მოკრივემ “დაიცვა” ოლიმპიადაზე მოხვედრის წესები და გარდა ამისა, ისინი უკვე მრავალი წელია ასპარეზობენ კრივის საერთაშორისო შეჯიბრებებში ქალთა კატეგორიაში.

“როგორც წინა ოლიმპიადებზე, სპორტსმენების სქესი და ასაკი ეფუძნება მათ პასპორტს”, – დასძინა მან.

IOC -მ ასევე დაადანაშაულა IBA გენდერული წესების შეცვლაში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შუა პერიოდში. „ამჟამინდელი აგრესია ამ ორი სპორტსმენის მიმართ მთლიანად ეფუძნება ამ თვითნებურ გადაწყვეტილებას, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატმა ყოველგვარი სათანადო პროცედურის გარეშე მიიღო. “, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულმა ბრძოლამ არა მხოლოდ სპორტული ორგანიზაციების, არამედ უფრო ფართო საზოგადოების აღშფოთებაც გამოიწვია. Agence France-Presse იტყობინება, რომ ხელიფის აზრით, ის “დიდი შეთქმულების” მსხვერპლია მას შემდეგ, რაც შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე დისკვალიფიკაცია მიიღო IBA-სგან.

ალჟირის ოლიმპიურმა კომიტეტმა (COA) განაცხადა, რომ გმობს სპორტსმენის მიმართ არაეთიკურ კომენტარებს და მის ბოროტად შეურაცხყოფას.

„მის პიროვნებასა და ღირსებაზე ასეთი თავდასხმები უსამართლოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ოლიმპიადაზე კარიერის მწვერვალისთვის ემზადება. COA-მ მიიღო ყველა საჭირო ზომა ჩვენი ჩემპიონის დასაცავად”, – ნათქვამია განცხადებაში.

უნგრელი მოკრივე ლუკა ანა ჰამორი, რომელიც 3 აგვისტოს ხელიფს შეხვდება, ამბობს, რომ მზადაა.

“რინგზე გავალ და ჩემს გამარჯვებას მოვიპოვებ. მე ვენდობი ჩემს მწვრთნელებს და ვენდობი საკუთარ თავს”, – ამბობს ის.

ხელიფი ბავშვობიდან მოკრივეა და ყოველთვის ასპარეზობდა ქალთა კატეგორიებში. მან იასპარეზა 2018 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე (დაასრულა მე-17 ადგილზე), ხოლო შემდეგ წელს იასპარეზა რუსეთში. მან 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც მეოთხედფინალამდე მიაღწია. 2022 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე სტამბოლში კი მეორე ადგილი დაიკავა. 25 წლის ხელიფს სულ 51 ორთაბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 42 მოიგო, ხოლო 9-ში დამარცხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი