ახალი ამბები

ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაშია, მაგრამ ახლა ფოკუსი რეფორმებზეა — სტოლტენბერგი

17 თებერვალი, 2022 • 1408
ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაშია, მაგრამ ახლა ფოკუსი რეფორმებზეა — სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინისა და საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები ამ ქვეყნების გარეშე არ მიიღება.

ნატო-ს შტაბბინაში დღეს გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან თავდაცვის მინისტრების ფორმატში, ასევე, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ევროპელ პარტნიორებთან.

„დღეს შევხვდით ჩვენს ახლო პარტნიორებს: უკრაინასა და საქართველოს. ჩვენ განვიხილეთ რუსული აგრესიის მუდმივი საფრთხე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ვითარების გაუარესება და ნატოს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ორივე ქვეყნისთვის“, — განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავადცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ნატო და მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში, მათ შორის შეიარაღებული ძალების გაწვრთნითა და სამხედრო აღჭურვილობის გადაცემით, კიბერ და დაზვერვის სფეროში ექსპერტიზით და მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსული ძალების ყოფნა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, და რუსეთის დუმის რეკომენდაცია დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების აღიარების შესახებ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შემდგომი აშკარა დარღვევა, ისევე, როგორც მინსკის შეთანხმებების, და ძირს გამოუთხრის ნორმანდიის ფორმატში პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნის მცდელობებს“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, დღეს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება.

„ნატოში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ნატოს მოკავშირეებმა და ასპირანტმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ, სხვა არავინ. თითოეული ერის უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, აბსოლუტურად ფუნდამენტურია ევროპული და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და ამას პატივი უნდა ვცეთ. ნატო-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ვერ მივიღებთ დაბრუნებას გავლენის სფეროების ეპოქაში, სადაც დიდი ძალები აბუჩად იგდებენ, აშინებენ ან კარნახობენ სხვებს, როგორ მოიქცნენ. უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები ვერ იქნება უკრაინის გარეშე. არანაირი გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ- საქართველოს გარეშე“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ალიანსი ეხმარება საქართველოს და უკრაინას სხვადასხვა ფორმით, ერთობლივი სწავლებების ჩათვლით, რომლებიც წელს გაიმართება.

„შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობისაა ნატოსთვის. ამიტომ, რაც ხდება იქ, მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შავი ზღის რეგიონში ჩვენ გვყავს ალიანსის წევრი სახელმწიფოები და ორი ახლო პარტნიორი: საქართველო და უკრაინა. მათთან მჭიდროდ თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის, რაც დადასტურებულ იქნა დღეს“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ში გაწევრიანების კონტექტსში მან აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია, მაგრამ ახლა ფოკუსი არის რეფორმებზე, რომლებიც დაეხმარება ორივე ქვეყანას — უკრაინას და საქართველოს — მათი თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში.

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, დაძაბულობის დროს დიალოგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და ნატო ღიაა რუსეთთან კეთილსინდისიერი ურთიერთობისთვის და ნატო-რუსეთის საბჭოში საკითხების ფართო სპექტრის განხილვისთვის.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მიუხედავად მოსკოვის მიერ გავრცელებული ცნობებისა, უკრაინის საზღვართან დეესკალაციის ნიშნები არ ჩანს — პირიქით, რუსეთი აგრძელებს ძალების თავმოყრას. იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა რუსეთის საპასუხო პროპაგანდას იმის შესახებ, რომ დასავლეთი ავრცელებს დეზინფორმაციას „ცრუ დროშის“ საბაბით ომის შესაძლო დაწყების შესახებ და თქვა, რომ ყველას შეუძლია სატელიტის საშუალებით იმ ინფორმაციის მონიტორინგი, რომელსაც დასავლეთი ავრცელებს.

„ჩვენ ინფორმირებული ვართ მათი ჯარების განთავსებისა და შესაძლებლობების შესახებ, მაგრამ არ ვიცით ზუსტად მათი გაზრახვები. თუ შევაჯამებთ, რაც ვიცით მათი ძალების შესახებ, მათი რიტორიტიკან — მათ თქვეს, რომ თუ არ დაკმაყოფილდება მოსკოვის მოთხოვნები, ამას მოჰყვება სამხედრო-ტექნიკური შედეგები და ასევე, წარსულიდან (გამოუყენებიათ ძალა უკრაინის წინააღმდეგ),  და თუ დავამატებთ იმას, რომ რუსეთის დაზვერვა აქტიურად მუშაობს უკრაინაში, სერიოზული შეშფოთების საფუძველია“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

სწორედ ამიტომ, სტოლტენბერგის თქმით, ნატოს მოკავშირეები მზად არიან გააძლიერონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა, ასევე, გაზარდონ საკუთარი ძალების წარმომადგენლობა აღმოსავლეთით.

„ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინაზე თავდასხმის პრევენციისთვის. ფაქტი, რომ ჩვენ აღვწერთ რისკს, არ ნიშნავს, რომ 100%-ით დარწმუნებული ვართ, რომ ეს მოხდება“, — დასძინა სტოლტენბერგმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი