ახალი ამბები

გახარიას მხარდამჭერების წინააღმდეგ 2 საქმეზე დისკრიმინაცია დადგინდა – სახალხო დამცველი

9 თებერვალი, 2022 • 1848
გახარიას მხარდამჭერების წინააღმდეგ 2 საქმეზე დისკრიმინაცია დადგინდა – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი იუწყება, რომ ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში მომხდარ ორ ფაქტზე შრომით ურთიერთობებში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა.

ომბუდსმენის აპარატის თანახმად, სახელმწიფო სამსახურებთან დაკავშირებული ორგანიზაციების თანამშრომლები ერთ შემთხვევაში ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში („საქართველოსთვის“) აქტივობის, ხოლო მეორე შემთხვევაში ამავე პარტიასთან ოჯახის წევრის ასოცირების გამო გაათავისუფლეს.

გორის ტრანსპორტის სააგენტოს საქმე

პირველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ფინანსური მენეჯერის პოზიციიდან განმცხადებელი 2021 წლის 4 აგვისტოს გაათავისუფლეს ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.

ომბუდსმენის ცნობით, განმცხადებელი დარწმუნებულია, რომ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე უარი განპირობებული იყო მისი ძმის მჭიდრო კავშირით პარტიასთან „საქართველოსთვის“.

„მართალია, მოპასუხე მხარის, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, შრომითი ურთიერთობა კანონიერი საფუძვლით – შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო შეწყდა, თუმცა, როგორც სააგენტოს საქმისწარმოების დოკუმენტებიდან ირკვევა, 4 აგვისტოს ხელშეკრულების ვადა 29 დასაქმებულს ამოეწურა და მათგან მხოლოდ ერთს აღარ გაუგრძელდა“, – წერს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო ურთიერთობის შეწყვეტის არგუმენტი არ აქარწყლებს დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდს:

„განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია განმცხადებელის პროფესიონალიზმი. ამასთან, სააგენტოს არ წარმოუდგენია ინფორმაცია – რომელ კრიტერიუმებს, გარემოებებსა თუ ფაქტორებს იღებს მხედველობაში სააგენტოს დირექტორი ხელშეკრულების გაგრძელების ან არგაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას; და ასევე, არ განუმარტავს, რა მიზეზით აღარ გააგრძელა ხელშეკრულება განმცხადებელთან“.

ზუგდიდის საქმე

მეორე შემთხვევაში, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა, განმცხადებელი გაათავისუფლეს ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრატორ-კოორდინატორის თანამდებობიდან შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო.

მოპასუხე მხარის განმარტებით, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა შეუძლებელს ხდიდა განმცხადებელზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. განმცხადებელი კი მიუთითებდა, რომ დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულება ვადაზე ადრე მხოლოდ მასთან შეწყვიტა, მისი აქტივობის გამო პოლიტიკურ პარტიაში „საქართველოსთვის“.

„მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ განმცხადებელზე დაკისრებული ფუნქციების გაუქმება ნამდვილად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული, მაშინ, როდესაც განმცხადებელს ხელშეკრულება სწორედ კოვიდპანდემიის პირობებში გაუფორმდა“, – აღნიშნავს ომბუდსმენი.

„ასევე, ხელშეკრულების შეწყვეტა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე სექტემბრიდან – საგანმანათლებლო პერიოდის დაწყებიდან – მუშაობის აქტიურ ფაზაში უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს არ მიუთითებია, რატომ შეუწყდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ხელშეკრულება მხოლოდ განმცხადებელს“, – წერს სახალხო დამცველი.


2021 წლის სექტემბერში ომბუდსმენი  აცხადებდა, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში გამოვლინდა პოლიტიკური შეხედულებების გამო შესაძლო დისკრიმინაციის ათობით ფაქტი.

სახალხო დამცველის ცნობით, ზეწოლა გამოიხატა სამსახურიდან პირდაპირ გათავისუფლებაში ან თანამდებობის დატოვების მოთხოვნაში, მათ შორის საუბარია შინაგან საქმეთა სამინსიტროზე, მუნიციპალური სამსახურებზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებზე, ააიპ-ებზე და სხვა საჯარო დაწესებულებებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი