ახალი ამბები

გახარიას პარტიის წევრების მიმართ სავარაუდო ზეწოლის ფაქტები შეინიშნებოდა – ISFED

6 აგვისტო, 2021 • 2555
გახარიას პარტიის წევრების მიმართ სავარაუდო ზეწოლის ფაქტები შეინიშნებოდა – ISFED

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ანგარიშის თანახმად, არაოფიციალურ წინასაარჩენო პერიოდში გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრების მიმართ შეინიშნებოდა როგორც სავარაუდო ზეწოლის, ასევე, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები.

ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში. მონიტორინგი მოიცავს პერიოდს 1 ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამ პერიოდში სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების 7, ხოლო,  სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის  2 ფაქტი დაფიქსირდა.

მათ შორის 2 შემთხვევა გიორგი გახარიას პარტიის წევრებს ეხებოდა.

მაგალითად, ორგანიზაციის თქმით, 16 ივლისს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყალტუბოს სერვისცენტრის საწყობის გამგეს, პაპუნა ასათიანს სამსახურის უფროსმა გია ბასილაძემ სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა, მიზეზად, კი შვილის პოლიტიკური არჩევანი დაუსახელა.

„უფროსმა ასევე განუცხადა, რომ თუ ნებით არ წავიდოდა, მას არ გაუჭირდებოდა სამსახურიდან გაშვების მიზეზის მოძებნა. პაპუნა ასათიანის შვილი ამჟამად პარტიის „საქართველოსთვის“ წევრია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყალტუბოს სერვისცენტრის უფროსი, გია ბასილაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისს ხელმძღვანელობდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი დაუკავშირდა გია ბასილაძეს, რომელმაც ასათიანის ნათქვამს „აბსოლუტური სიცრუე” უწოდა. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ფაქტით დაინტერესების შემდეგ, ასათიანის მიმართ მუქარა შეწყდა“, – წერს ორგანიზაცია.

მეორე შემთხვევა, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას/მუქარას/ხელის შეშლას ეხება. საუბარია 26 ივნისს მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც პარტიას მესაკუთრემ ოფისისთვის ნაქირავები ფართის დატოვება მოსთხოვა.

„ამის მიზეზად ნაციონალურ მოძრაობასთან გახარიას შესაძლო კავშირის შესახებ, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაასახელა. მისი თქმით, სურათი, რომელიც იყო ხელშეკრულების გაფორმებისას და რომელიც ახლაა, რადიკალურად განსხვავებულია.

პარტიის „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ოფისის მეპატრონე ხმამაღლა აცხადებდა ნდობასა და მხარდაჭერას მათ მიმართ. პარტიაში „საქართველოსთვის“ მიჩნევენ, რომ ფართის მესაკუთრე ზეწოლის ქვეშ იმყოფება და ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით, დავის გარეშე დატოვეს ტერიტორია. ფართის მესაკუთრემ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბარი არ ისურვა“, – აცხადებენ ISFED-ში.

ISFED-ის თანახმად, არაოფიციალურ წინასაარჩენო კამპანიაში ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით მმართველი პარტიის დომინირება შეიმჩნეოდა, რაც მათ შორის გამოიხატებოდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ სოციალური დაპირებებით.

„ოპოზიციურ პარტიებს შორის აქტიური იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია „საქართველოსთვის“ კამპანია, რომელიც ძირითადად რეგიონებში ოფისების გახსნითა და ამომრჩეველთან შეხვედრით შემოიფარგლებოდა. ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატები საჯაროდ უკვე წარადგინა. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატები და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა“, – წერია ანგარიშში.

გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ამ დროისთვის 25-ზე მეტი ოფისი გახსნა, მათ შორის: თბილისში, ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, მარტვილში, ჩხოროწყუში​​, ქუთაისში, გორში, მცხეთაში და სხვა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერსაა დანიშნული, ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდი 2 თვით ადრე იწყება.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (შემდგომში „სამართლიანი არჩევნები“) 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივნისიდან ახორციელებს.

არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში მოიცავს 2021 წლის 1 ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 1 ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის – 2, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების -7, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის -2, სავარაუდოდ საარჩევნო მიზნით განხორციელებული დახმარების აქციების – 2, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 4, მმართველი პარტიის კანდიდატების არაოფიციალური კამპანიის – 4, ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციისა და ძალადობის 5 ფაქტი. გამოვლინდა სავარაუდოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობები, დაანონსებული მასშტაბური აქციები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში ცვლილებების შეტანის მასშტაბური ტენდენცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი