პროკურატურის განცხადებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე კომპანია „ლაგი კაპიტალის“ მფლობელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მათ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
საუბარია საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების თაღლითურად დაუფლებაზე. საქმეზე დაკავებული იყო ალექსანდრე ბერძენიშვილი და ბესიკ ბერძენიშვილი.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩოხატაურის, ოზურგეთის, მცხეთის, ნინოწმინდის, დედოფლისწყაროს, გორისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების პროექტირება/ მშენებლობის თაობაზე გამოცხადებულ ტენდერებში გასამარჯვებლად ბრალდებულებმა, სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად, კომპანია ,,ლაგი კაპიტალის“ სამუშაო გამოცდილების შესახებ ყალბი აუდიტორული დასკვნა დაამზადეს და წარადგინეს.
ტენდერებში გამარჯვების შემდეგ ბრალდებულებმა, ვითომდა ბაღების სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად, მუნიციპალური განვითარების ფონდისგან საავანსო თანხების ჩარიცხვა მოითხოვეს და მიიღეს ისე, რომ ძირითად შემთხვევაში ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საბავშვო ბაღების მშენებლობის პროექტი დამტკიცებული.
შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ფონდისგან თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 000 ლარს, ხოლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები არ შეუსრულებიათ“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა ამბობს, რომ თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ბრალდებულებმა 1 211 000 ლარი სრულად გადარიცხეს მათსავე საკუთრებაში არსებული სხვა კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე, თითქოსდა გასაწევი მომსახურების ავანსის მიზნობრიობით.
უწყების განცხადებით, შემდეგ თანხა სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენეს, მათ შორის სესხების დასაფარად, რითაც საბოლოოდ მოხდა „დანაშაულებრივად დაუფლებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ლეგალურ ფინანსურ სისტემაში გაშვება და ინტეგრირება“.
30 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ საქმეზე ბრალდებულებმა, ა.ბ. -მ და ბ.ბ.-მ, 2023 წელს შპს „ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით გაიმარჯვეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. დღეის მდგომარეობით, არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.
ცნობისთვის, „ლაგი კაპიტალი“ წარსულში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას სიძის, ყოფილ ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილს ეკუთვნოდა და 2023 წელს მოიგო 20-მილიონიანი ტენდერი შიდა ქართლში 4 სკოლის შენობების პროექტირება/მშენებლობაზე. შარშან ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ მისი ოჯახის არცერთ წევრს შეხება არ აქვს სახელმწიფო შესყიდვასთან და „ლაგი კაპიტალი“ ძმებ ალეკო და ბესო ბერძენიშვილებს მიჰყიდეს.
