ახალი ამბები

ლუკაშენკოსთვის დამატებითი სიგნალების გაგზანის საჭიროება არ არის – პესკოვი აფხაზეთსა და სამხ. ოსეთზე

8 თებერვალი, 2022 • 1157
ლუკაშენკოსთვის დამატებითი სიგნალების გაგზანის საჭიროება არ არის – პესკოვი აფხაზეთსა და სამხ. ოსეთზე

კრემლი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს არანაირ სიგნალს არ გაუგზავნის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის, ასევე ყირიმის რუსეთის რეგიონად აღიარებასთან დაკავშირებით. TASS-ის ცნობით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენი მოკავშირე და პარტნიორი მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებას, როცა მიზანშეწონილად ჩათვლის“, – თქვა კრემლის სპიკერმა და დასძინა, რომ „დამატებითი სიგნალების საჭიროება არ არის“.

პესკოვის თქმით, ბელარუსის ლიდერმა კარგად იცის ყირიმის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით რეალური ვითარება.

პესკოვმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ  არსებობს „დე იურე და დე ფაქტო სიტუაცია“.

„არის რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოები, ჩვენ მათთან გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და არის რუსეთის რეგიონი ყირიმი, ის რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია”, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ეს არის რეალობა, რომლის შესახებაც ლუკაშენკომ „კარგად იცის“.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პროსახელისუფლებო ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში ისაუბრა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარებაზე.

“ამის აუცილებლობა არსებობს? როგორც კი დავინახავ ამას და პრეზიდენტი [ვლადიმერ პუტინი] მეტყვის, რომ საჭიროა..”, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა სოლოვიოვის კითხვაზე, “აბა, როდის აღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს?”.

ასევე, ლუკაშენკომ 2008 წლის აგვისტოს ომიც ახსენა.

“საქართველო არასდროს დასხმია თავს სამხრეთ ოსეთს. იყო იქ გიჟი და მასთან ერთად სხვები, წაქეზებული ამერიკელების მიერ, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი