ახალი ამბები

ვაშაძის თქმით, რუსეთმა იანუკოვიჩს გაერო-ში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის შეწყვეტა მოსთხოვა

1 თებერვალი, 2022 • 1343
ვაშაძის თქმით, რუსეთმა იანუკოვიჩს გაერო-ში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის შეწყვეტა მოსთხოვა

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ თავის დროზე რუსეთმა უკრაინას გაერო-ში მოსთხოვა საქართველოს დევნილებზე რეზოლუციის მხარდაჭერის შეწყვეტა.

ვაშაძემ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისგან 2010 წელს განხორციელებული ზარი გაიხსენა პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის განხილვისას. მისი თქმით, რეზოლუციის ტექსტი არ არის ის, რომლითაც დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს პარლამენტი უნდა გამოდიოდეს.

„2010 წელს, როდესაც იანუკოვიჩის ხელისუფლება მობრძანდა, 10 ივლისს დამირეკა ჩემმა მეგობარმა, რომელიც მაშინ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და მითხრა, იმ 12 მოთხოვნაში (სევასტოპოლი, ბალაკლავა, ეკონომიკური და ა.შ.), რაც რუსებმა გამოაგორესო, ასევე, არის მოთხოვნა, რომ შევწყვიტოთ თქვენი რეზოლუციის მხარდაჭერა გაერო-შიო. შეწყვიტეს. მაგრამ ჩემი თხოვნა იყო, თავი არ შეიკავოთ, საერთოდ არ მოხვიდეთ კენჭისყრაზე-მეთქი. რითი დაამთავრა უკრაინამ ეს, სიმბოლურ აქტებში არმონაწილეობა, კარგად ვიცით“, — თქვა ვაშაძემ.

მან პარლამენტს შესთავაზა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე მსჯელობა დახურულ ფორმატში მომხდარიყო. ასევე, თქვა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია არ იქნება ტექსტში ნახსენები, „იმას მაინც ნუ ვიტყვით [სამხედრო ესკალაცია/ომი] “უკრაინაში”, იმიტომ რომ რუსულად ეს აბსოლუტურად ცალსახად გადაითარგმნება.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, რაოდენ უსუსურიც არ უნდა იყოს ტექსტი, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის წინააღმდეგ ხმას ვერ მისცემს, თუმცა შემოთავაზებულ პროექტს მხარს არ დაუჭერს და კენჭისყრაში საერთოდ არ მიიღებს მონაწილეობას.

საქართველო 2008 წლიდან ყოველწლიურად წარადგენს გაერო-ში რეზოლუციას იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.

უკრაინამ, რომელმაც 2008 და 2009 წლებში მხარი დაუჭირა საქართველოს ინიცირებულ რეზოლუციას, 2010 წელს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ეს ტენდენცია შენარჩუნდა 2011, 2012, 2013 წლებში, 2014 წლიდან კი უკრაინამ რეზოლუციის მხარდაჭერა განაახლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი