ახალი ამბები

სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციები გამორიცხულია – კობახიძე

5 ივლისი, 2023 • 1386
სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციები გამორიცხულია – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციების დაწყება გამორიცხულია.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩება, რადგან მასთან საუკუნოვანი ურთიერთობა აკავშირებს და ქვეყანა ახლა ომის მდგომარეობაშია.

მან კიდევ ერთხელ უწოდა შეურაცხმყოფელი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 3 ივლისის გადაწყვეტილებას უკრაინაში საქართველოს ელჩთან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა, სააკაშვილის საკითხზე ვერავითარი კონსულტაციები ვერ დაიწყება. აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო. მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში ის საზოგადოებას არ უნახავს. ჩართვისას გამოჩნდა, რომ სააკაშვილი ცუდად გამოიყურება — არის უკიდურესად გამხდარი. სწორედ სააკაშვილის გამოჩენას მოჰყვა ზელენსკის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.

3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, უკრაინის საგარეომ უნდა დაიბაროს საქართველოს ელჩი და მას 48 საათის განმავლობაში თბილისში კონსულტაციებზე დაბრუნება შესთავაზოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი