საზოგადოება

უკრაინის მხარდამჭერ “ოცნებისეულ” რეზოლუციაში რუსეთი ნახსენები არაა

26 იანვარი, 2022 •
უკრაინის მხარდამჭერ “ოცნებისეულ” რეზოლუციაში რუსეთი ნახსენები არაა

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რუსეთი ნახსენები არაა. რეზოლუციის ტექსტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ წაიკითხა.

მისი თქმით, ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.

საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ:

საქართველოს პარლამენტი – ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს; მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას; ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა.

გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი.

სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული რეზოლუციის თანაავტორობაზე უარს აცხადებს ოპოზიცია, ვინაიდან, მათი განცხადებით, მიუხედავად უმრავლესობასთან კონსულტაციებისა, მმართველმა პარტიამ მათი შენიშვნები არ გაიზიარა.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან შეთანხმებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი „რადიკალურად შეცვალა“.

„მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი იქიდან გამომდინარე, რომ დილით რა ტექსტიც დაგვახვედრა „ქართულმა ოცნებამ“, იქ გათვალისწინებული იყო რიგი კომენტარებისა და მოთხოვნებისა, რომელიც ჰქონდა ოპოზიციას. დღის განმავლობაში არაერთხელ ვთქვი, რომ თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ, რადგან პრინციპული საკითხები შეთანხმებულია.

როგორც ჩანს, სწორედ რადიკალურად შეიცვალა [ტექსტი], როგორც ახასიათებს „ქართულ ოცნებას“, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებებით ვერ მიდის და ვერ დგამს ნაბიჯებს. როგორც ჩანს, მიიღეს მითითება, მე ამას სხვანაიარად ვერ ვხსნი იმიტომ, რომ კონკრეტული არგუმენტები არ მომისმენია „ქართული ოცნებისგან“. ის ტექსტიც კი, რომელიც დილით იყო წარმოდგენილი, ისიც კი შეიცვალა“, – განაცხადა სამნიძემ.

სამნიძის თქმით, ოპოზიცია ითხოვდა, რომ რეზოლუციაში უფრო მკაცრი ფორმულირებები ყოფილიყო.

„მაგალითად, რუსეთის ფედერაციის როლზე ხაზგასმა, რასაც ვნახავთ, რომ რეზოლუციაში არ არის. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ფრთხილია „ქართული ოცნება“ ამ პროცესში, რაც გასაგები იყო, მაგრამ პროცესში ჩანდა, რომ ის მზად იყო, გაეთვალისწინებინა რიგი ფორმულირებებისა, რომელიც შესთავაზა ოპოზიციამ და რომელიც არ იყო რეალობას აცდენილი და არც საგარეო საქემთა მინისტრის ტონს. მიუხედავად ამისა, მან ეს არ გაითვალისწინა“, – განაცხადა.

ვინაიდან რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება ვერ შედგა, რეზოლუციის ინიცირებას მხოლოდ „ქართული ოცნება“ მოახდენს . ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ რეზოლუციის ალტერნატიული ტექსტი მოამზადონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი