ახალი ამბები

რადიკალურად შეიცვალა რეზოლუციის ტექსტი, ამის თანაავტორი ჩვენ არ ვიქნებით — სამნიძე

26 იანვარი, 2022 • 1061
რადიკალურად შეიცვალა რეზოლუციის ტექსტი, ამის თანაავტორი ჩვენ არ ვიქნებით — სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან შეთანხმებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი „რადიკალურად შეცვალა“. ამის შესახებ მან დღეს, 26 იანვარს, „ქართულ ოცნებასთან“ ოპოზიციის მეორედ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აღნიშნულ შეხვედრაზე „ოცნებას“ ოპოზიციისთვის რეზოლუციის საბოლოო ვერსია უნდა წარედგინა, სადაც ოპოზიციის შენიშვნები უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

სამნიძის თქმით, ამ რეზოლუციის თანაავტორი რესპუბლიკური პარტია არ იქნება.  მისივე თქმით, თუ როგორ მოიქცევა ზოგადად ოპოზიცია, ამაზე შეჯერდებიან.

„მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი იქიდან გამომდინარე, რომ დილით რა ტექსტიც დაგვახვედრა „ქართულმა ოცნებამ“, იქ გათვალისწინებული იყო რიგი კომენტარებისა და მოთხოვნებისა, რომელიც ჰქონდა ოპოზიციას. დღის განმავლობაში არაერთხელ ვთქვი, რომ თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ, რადგან პრინციპული საკითხები შეთანხმებულია.

როგორც ჩანს, სწორედ რადიკალურად შეიცვალა [ტექსტი], როგორც ახასიათებს „ქართულ ოცნებას“, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებებით ვერ მიდის და ვერ დგამს ნაბიჯებს. როგორც ჩანს, მიიღეს მითითება, მე ამას სხვანაიარად ვერ ვხსნი იმიტომ, რომ კონკრეტული არგუმენტები არ მომისმენია „ქართული ოცნებისგან“. ის ტექსტიც კი, რომელიც დილით იყო წარმოდგენილი, ისიც კი შეიცვალა“, – განაცხადა სამნიძემ.

სამნიძის თქმით, ოპოზიცია ითხოვდა, რომ რეზოლუციაში უფრო მკაცრი ფორმულირებები ყოფილიყო.

„მაგალითად, რუსეთის ფედერაციის როლზე ხაზგასმა, რასაც ვნახავთ, რომ რეზოლუციაში არ არის. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ფრთხილია „ქართული ოცნება“ ამ პროცესში, რაც გასაგები იყო, მაგრამ პროცესში ჩანდა, რომ ის მზად იყო, გაეთვალისწინებინა რიგი ფორმულირებებისა, რომელიც შესთავაზა ოპოზიციამ და რომელიც არ იყო რეალობას აცდენილი და არც საგარეო საქმეთა მინისტრის ტონს. მიუხედავად ამისა, მან ეს არ გაითვალისწინა“, – განაცხადა სამნიძემ.

პარლამენტში იგეგმება უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება. არ არის გამორიცხული, კენჭისყრაზე ორი ტექსტი გავიდეს: ოპოზიციის და მმართველი პარტიის.

მასალების გადაბეჭდვის წესი