ახალი ამბები

ხორვატიის პრემიერმა ბოდიში მოუხადა უკრაინას პრეზიდენტის განცხადებისთვის

26 იანვარი, 2022 • 2180
ხორვატიის პრემიერმა ბოდიში მოუხადა უკრაინას პრეზიდენტის განცხადებისთვის

ხორვატიის პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩის განცხადებით, უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოა, ის არაა ნატო-ს წევრი და უკრაინის ნატოში გაწევრიანება უადგილოა. მოგვიანებით ქვეყნის მთავრობის მეთაურმა ბოდიში მოუხადა უკრაინას პრეზიდენტის განცხადებების გამო.

„მიმდინარე კრიზისს არაფერი აქვს საერთო უკრაინასა და რუსეთთან, ის დაკავშირებულია აშშ-ის შიდა პოლიტიკის დინამიკასთან, რომელსაც ხელმძღვანელობენ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია“, — განაცხადა ხორვატიის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები ასახავს შეუსაბამობებს და სახიფათო ქცევას“ ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან.

მან უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს უწოდა “თაღლითი, რომელიც იჯდა სამ სკამზე” და თქვა, რომ მისი გადაყენება იყო გადატრიალება, რომელიც ევროკავშირმა და ვაშინგტონის მაშინდელმა ადმინისტრაციამ წაახალისეს. მისი თქმით, 2014 წლის შემდეგ უკრაინა დასავლეთისკენ შეტრიალდა, თუმცა 8 წლის შემდეგაც „ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში, ეკონომიკურად სტაგნაციაშია და მას არაფერი მიუღია ევროკავშირისგან“.

ხორვატიის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთთან დაპირისპირებამ ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინა გაზის ფასებზე. მან გააკრიტიკა ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი უკრანასთან დაკავშირბეული ჩართულობისთვის.

ხორვატიის პრეზიდენტმა თქვა, რომ სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, „გამოიწვევს თავის ჯარისკაცებს“, რადგან ხორვატიას არაფერი აქვს საერთო ამ კრიზისთან.

პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა და მთავრობის სახელით ბოდიში მოიხადა პრემიერ-მინისტრმა ანრეი პლენკოვიჩმა.

„იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ჯარისკაცები არ არიან და პოლონეთში განლაგებული კონტინგენტი დაბრუნდა, არ ვიცი, რომელი ჯარისკაცების გაყვანას გულისხმობს პრეზიდენტი. მისი განცხადება უკრაინის კორუფციის შესახებ არ არის ჩვენი პოზიცია და მთავრობის სახელით ბოდიშს ვუხდი უკრაინელებს ასეთი გაუგებრობისთვის“, — თქვა პლენკოვიჩმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხორვატიის პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, ასევე, განაცხადა, რომ ეს პოზიცია არის უმადურობა იმ დახმარებისთვის, რომელიც უკრაინამ ხორვატიას გაუწია თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ასევე, გასულ წელს დამანგრეველი ხანძრების დროს.

ხორვატია ნახევრად საპრეზიდენტი სისტემიდან 2000 წელს გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემაზე. რესპუბლიკის პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, რომელსაც შეზღუდული გავლენა აქვს საგარეო პოლიტიკაზე. საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვაზე მთავარი პასუხისმგებელია მთავრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი