ახალი ამბები

უკრაინა EU-სგან 1.2 მილიარდი ევროს მხარდაჭერას მიიღებს

24 იანვარი, 2022 • 1109
უკრაინა EU-სგან 1.2 მილიარდი ევროს მხარდაჭერას მიიღებს

ევროკომისიამ უკრაინას შესთავაზა ახალი, 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი.

“ეს პაკეტი დაეხმარება უკრაინას, გაუმკლავდეს ფინანსურ საჭიროებებს, რაც კონფლიქტის გამო არის გამოწვეული”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

იმ შემთხვევაში, თუ მაკროფინანსური მხარდაჭერის პაკეტი დამტკიცდება ევროპარლამენტის მიერ და მას მხარს დაუჭერენ წევრი ქვეყნები, უკრაინა გადასაცემი თანხის ნახევარს დაუყოვნებლივ მიიღებს.

“უკრაინა არის თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა. ის თავად იღებს გადაწყვეტილებებს. ევროკავშირი განაგრძობს მის გვერდით დგომას”, – განაცხადა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, გარდა ახალი, 1.2-მილიარდიანი დახმარებისა, უკრაინას ამჟამინდელი მხარდაჭერის პაკეტი გაუორმაგდება 140 მილიონი ევროს დამატებით.

ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც გამოხატა მადლიერება “დროული გადაწყვეტილებისთვის”.

“ძლიერი უკრაინა ევროკავშირის უსაფრთხოების გასაღებია. ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინისათვის”, – განაცხადა ზელენსკიმ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.


რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან.

გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს.

რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა:

  • არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო;
  • არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება;
  • უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.

11 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართა, 12 იანვარს ბრიუსელში — ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა იმართება. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ნატო-ს გაფართოების შეჩერების პირობა ვერ მიიღო.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს გარკვეული ზომები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი.

ამასთან, ვაშინგტონმა გამორიცხა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის შესუსტება და რუსეთისთვის გარანტიის მიცემა, რომ ნატო არ გაფართოვდება.

უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებული შიშების ფონზე, ბოლო პერიოდში ნატოს არაერთმა წევრმა გამოთქვა კიევისათვის შეიარაღების მიწოდებისათვის მზადყოფნა. აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი პარტია კიევში უკვე ჩავიდა.

ამასთან, აშშ-მა ნება დართო ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს, ამერიკული წარმოების იარაღი მიაწოდონ უკრაინას. ალიანსის არაერთი წევრი — მათ შორის, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი — თანახმაა, კიევს შეიარაღება პირდაპირ მიაწოდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი