ახალი ამბები

„დარიანის“ ხელახლა გამოცემას გეგმავენ, გროვდება შემოწირულებები

18 იანვარი, 2022 • 2062
„დარიანის“ ხელახლა გამოცემას გეგმავენ, გროვდება შემოწირულებები

საინიციატივო ჯგუფი გეგმავს, რომ წიგნი „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ ხელახლა გამოიცეს. ამ პროცესის მხარდასაჭერად გროვდება შემოწირულებები.

საუბარია ლიტერატურული მუზეუმის მიერ გამოცემულ წიგნზე. ამ მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე აცხადებს, რომ კულტურის სამინისტრომ წიგნის მთელი ტირაჟის გადაცემა მოითხოვა.

„საზოგადოებას მოეხსენება, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოითხოვა „ელენე ბაქრაძე – დარიანის“ ლიტერატურის მუზეუმში დარჩენილი ტირაჟი. ვინაიდან საზოგადოებაში წიგნით დაინტერესება ძალიან დიდია, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ლიტერატურის მუზეუმის მხარდასაჭერად და წიგნის შესწორებული ვერსიის თავიდან გამოსაცემად.

წიგნის 500 ეგზემპლარი მუზეუმმა 6280 ლარად დაბეჭდა. ეს თანხა ლიტერატურის მუზეუმმა უკან უნდა დაუბრუნოს კულტურის სამინისტროს. ამდენივე თანხა იქნება საჭირო ახალი ტირაჟის დასაბეჭდად – სულ შესაგროვებელია 12560 ლარი.

ყველას, ვინც 25 ლარზე მეტს შესწირავს, საჩუქრად გადაეცემა ერთი წიგნი. რასაკვირველია, 25 ლარზე მეტის შემოწირვა შესაძლებელი და სასურველიცაა. რაც მეტი, მით უკეთესი.
დანარჩენი წიგნები გადაეცემა ლიტერატურის მუზეუმს და მუზეუმი განკარგავს მათ შემდგომში. ჩვენი სურვილია, წიგნის განახლებულ ვერსიას დავურთოთ შემომწირველთა სიაც.

თუ გსურთ, თქვენი სახელი მოხვდეს ამ სიაში, გთხოვთ ბანკიდან გადმორიცხოთ თანხა და თქვენი სახელი გვეცოდინება. თუ არ გსურთ თქვენი სახელი ვიცოდეთ, შეგიძლიათ სწრაფი ჩარიცხვის აპარატები გამოიყენოთ“, – წერია განცხადებაში.

წიგნის გამომცემლები ამბობენ, რომ მათი მიზანია, საჭირო თანხა ერთ კვირაში შეაგროვონ. თანხის შესახებ ინფორმაციას კი ყოველდღე გაასაჯაროვებენ.


კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორ ლაშა ბაქრაძესთან გეგმავს, „სერიოზულად განიხილოს“ მუზეუმის მიერ გამოცემული ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნში დაშვებული შეცდომის საკითხი. აღნიშნულ წიგნში ანა კალანდაძის ორი ლექსის ავტორად, შეცდომით, ელენე ბაქრაძეა (დარიანი) მითითებული.

სამინისტრომ 17 იანვარს, განცხადებაში აღნიშნა, რომ მათ მოითხოვეს მუზეუმისგან აღნიშნული გამოცემის გავრცელების შეწყვეტა და მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დაბრუნება.

იმის შესახებ, რომ ელენე ბაქრაძის (დარიანის) წიგნში შეცდომა იყო, თავად ლაშა ბაქრაძემ 2 იანვარს გამოაქვეყნა სტატუსი ფეისბუქზე. ის განმარტავდა, რომ ანა კალანდაძის ორი ლექსი, რომელიც ბაქრაძეს გადაწერილი ჰქონდა, შეცდომით მიიჩნიეს დარიანის ლექსად და გამოაქვეყნეს მისი ავტორობით.

თავად ბაქრაძე ამბობს, რომ შეუძლებელია ყველა მყიდველის ვინაობის დადგენა და, შესაბამისად, უკლებლივ ყველა წიგნის დაბრუნება.

რაც შეეხება მუზეუმში დარჩენილ წიგნებს, დირექტორის თქმით, ისინი უკვე გადაეცა სამინისტროს:

„ის, რომ წიგნში, ბოლო, ლექსების ნაწილში, შეცდომებია გაპარული უკვე ვაღიარეთ და ვაპირებდით, დარჩენილი ტირაჟისთვის შეცდომების გასწორების ფურცელი დაგვერთო, ისე, როგორც მიღებული წესია, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ვერც ახალი, ჩასწორებული ტირაჟის გამოცემას მოვახერხებთ ჩვენი მუზეუმის უმწირესი ბიუჯეტით, მით უმეტეს, როცა სამინისტრო ბეჭდვის ხარჯების დაბრუნებასაც ითხოვს.

მაგრამ „არაერთი სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქე“ მეტს ითხოვს და, სამწუხაროდ, სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მათი (ამ ეტაპზე) ასეთი განცხადებით დაკმაყოფილება, რასაც დღეს მართლაც „საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა“. სავარაუდოდ, იგივე მრჩევლები, ვინც სამინისტროს ამ განცხადების გაკეთებას ურჩევდნენ, ახლა საზოგადოების აზრის სრული იგნორირებისკენ მოუწოდებენ, ნაცვლად იმისა, რომ სამინისტრომ ბოდიში მოიხადოს ამ ტექსტის გამოქვეყნებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრს, სრულიად სამართლიანად, ჩვენი საერთო და ჯერაც დაუძლეველი საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა“ ,– ამბობს ბაქრაძე.

ბაქრაძე: სამინისტრო დარიანის გაყიდული წიგნების დაბრუნებას გვთხოვს, რაც შეუძლებელია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი