ახალი ამბები

„სერიოზულად განხილვას ვგეგმავთ“ — სამინისტრო დარიანის წიგნში დაშვებულ შეცდომაზე

17 იანვარი, 2022 • 2182
„სერიოზულად განხილვას ვგეგმავთ“ — სამინისტრო დარიანის წიგნში დაშვებულ შეცდომაზე

კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორ ლაშა ბაქრაძესთან გეგმავს, „სერიოზულად განიხილოს“ მუზეუმის მიერ გამოცემული ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნში დაშვებული შეცდომის საკითხი. აღნიშნულ წიგნში ანა კალანდაძის ორი ლექსის ავტორად, შეცდომით, ელენე ბაქრაძეა (დარიანი) მითითებული.

სამინისტრომ დღეს, 17 იანვარს, განცხადებაში აღნიშნა, რომ მათ მოითხოვეს მუზეუმისგან აღნიშნული გამოცემის გავრცელების შეწყვეტა და მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დაბრუნება.

„ეს სამწუხარო ფაქტი, კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია და, ბუნებრივია, რომ მის გამომჟღავნებას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქმე გვაქვს ქართული ლიტერატურის კლასიკოსთან, სიცოცხლეშივე პოეზიის დედოფლად აღიარებულ შემოქმედთან, ვისი ორი ლექსიც სხვა ავტორს მიაკუთვნეს.

ისიც არ არის შემთხვევითი, რომ აუცილებელ რეაგირებას მოითხოვენ ლიტერატურის მუზეუმის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი უწყებისგან, კულტურის სამინისტროსგან.

წიგნის შემდგენელია ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რედაქტორი-დირექტორის მოადგილე, თეა თვალავაძე.

რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა. სამინისტრო პატივს მიაგებს თეა თვალავაძის მუზეუმში მრავალწლიან კეთილსინდისიერ საქმიანობას და მას მომავალშიც მხნეობას უსურვებს“, — წერს წულუკიანის უწყება.

სამინისტროს განცხადებაში ასევე გამჟღავნებულია ინფორმაცია წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელის, ლაშა ბაქარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც.

„უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, წულუკიანის უწყება აცხადებს, რომ სამინისტროსთვის მსგავსი „სამწუხარო ფაქტების“ ალბათობის მაქსიმალურად შემცირება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

იმის შესახებ, რომ ელენე ბაქრაძის (დარიანის) წიგნში შეცდომა იყო, თავად ლაშა ბაქრაძემ 2 იანვარს გამოაქვეყნა სტატუსი ფეისბუქზე. ის განმარტავდა, რომ ანა კალანდაძის ორი ლექსი, რომელიც ბაქრაძეს გადაწერილი ჰქონდა, შეცდომით მიიჩნიეს დარიანის ლექსად და გამოაქვეყნეს მისი ავტორობით.

„შეგვეშალა და ბოდიშს ვიხდით. ამ შეცდომის შესახებ ჩვენ გასულ წელს უკვე ვიცოდით, მაგრამ არ გვინდოდა შეცდომის აღიარება ჩაკარგულიყო ამ საახალწლო ეიფორიაში. არანაირი ბოროტი განზრახვა, რასაკვირველია, აქ არ არის და არ შეიძლება, რომ ყოფილიყო“, — დაწერა ბაქრაძემ.

ბაქრაძემ ასევე თქვა, რომ წიგნის ყველა გაუყიდავ ეგზემპლარს თან დაურთავენ განმარტებას, სადაც დაშვებული შეცდომის შესახებ იქნება მითითებული.

სამინისტროს 17 იანვრის განცხადებას ფეისბუკზე მცირე კომენტარით გამოეხმაურა ლაშა ბაქრაძე. როგორც ის ამბობს, არ სურდა ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საჯარო გამხდარიყო. რაც შეეხება წიგნთან დაკავშირებულ შენიშვნებს, როგორც ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ამბობს, ამასთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი