ახალი ამბები

ბაქრაძე: სამინისტრო დარიანის გაყიდული წიგნების დაბრუნებას გვთხოვს, რაც შეუძლებელია

17 იანვარი, 2022 • 2074
ბაქრაძე: სამინისტრო დარიანის გაყიდული წიგნების დაბრუნებას გვთხოვს, რაც შეუძლებელია

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე აცხადებს, რომ კულტურის სამინისტრომ წიგნის „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ მთელი ტირაჟის გადაცემა მოითხოვა.

ბაქრაძის თქმით, აღნიშნული განცხადება მუზეუმმა 16 იანვარს მიიღო. მისი თქმით, ამავე მოთხოვნის თანახმად, მუზეუმმა უნდა დააბრუნოს წიგნის ყველა გაყიდული და გაჩუქებული ეგზემპლარი. ბაქრაძის თქმით, წიგნის მყიდველების ვინაობის დადგენა შეუძლებელია და, შესაბამისად, მუზეუმი ვერაფრით „მიმართავს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად“.

რაც შეეხება მუზეუმში დარჩენილ წიგნებს, დირექტორის თქმით, ისინი უკვე გადაეცა სამინისტროს:

„ის, რომ წიგნში, ბოლო, ლექსების ნაწილში, შეცდომებია გაპარული უკვე ვაღიარეთ და ვაპირებდით, დარჩენილი ტირაჟისთვის შეცდომების გასწორების ფურცელი დაგვერთო, ისე, როგორც მიღებული წესია, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ვერც ახალი, ჩასწორებული ტირაჟის გამოცემას მოვახერხებთ ჩვენი მუზეუმის უმწირესი ბიუჯეტით, მითუმეტეს, როცა სამინისტრო ბეჭდვის ხარჯების დაბრუნებასაც ითხოვს.

მაგრამ „არაერთი სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქე“ მეტს ითხოვს და, სამწუხაროდ, სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მათი (ამ ეტაპზე) ასეთი განცხადებით დაკმაყოფილება, რასაც დღეს მართლაც „საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა“. სავარაუდოდ, იგივე მრჩევლები, ვინც სამინისტროს ამ განცხადების გაკეთებას ურჩევდნენ, ახლა საზოგადოების აზრის სრული იგნორირებისკენ მოუწოდებენ, ნაცვლად იმისა, რომ სამინისტრომ ბოდიში მოიხადოს ამ ტექსტის გამოქვეყნებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრს, სრულიად სამართლიანად, ჩვენი საერთო და ჯერაც დაუძლეველი საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა“ – ამბობს ბაქრაძე.

მისი თქმით, აღნიშნული შეცდომის შესახებ განცხადება 2 იანვარს თავადვე გაავრცელა. ლაშა ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ასეთი შეცდომები, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია საგამომცემლო საქმეში:

“ძალიან დიდი მონდომებაა საჭირო, რომ აქ რაღაც შეთქმულება დაინახო – ამჯერად უკვე ანა კალანდაძის წინააღმდეგ. როდესაც რაღაც დანაშაულზე ჩნდება ეჭვი, მოტივიც უნდა არსებობდეს, და რა მოტივი შეიძლება გვქონდეს გამომცემელსა და რედაქტორს, რომ ისედაც პაოლო იაშვილის ლექსების მისაკუთრების მცდელობაში ეჭვმიტანილ ელენე დარიანს ახლა კიდევ ანა კალანდაძის ლექსები „მივაკუთვნოთ“?

კრიტიკისა და თვითკრიტიკის ქარცეცხლში თითქოს უკვე გაგვატარეს, მაგრამ სამინისტრო ჩემთან „გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას“ და კიდევ ერთხელ გარკვევას, თუ „რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა“, რომელიც, როგორც ჩანს, სამინისტროს თვალსაზრისით „სისტემისთვის“ საფრთხის შემცველია“, – ამბობს ლაშა ბაქრაძე.

„სერიოზულად განხილვას ვგეგმავთ“ — სამინისტრო დარიანის წიგნში დაშვებულ შეცდომაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი