ახალი ამბები

მინისტრი ამბობს, რომ სოცაგენტების შეცვლილი ხელფასი ადეკვატურია

17 იანვარი, 2022 • 1859
მინისტრი ამბობს, რომ სოცაგენტების შეცვლილი ხელფასი ადეკვატურია

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ სოციალური აგენტების ხელფასები ცვლილების შემდეგ ადეკვატურია.

საუბარია სოციალური მომსახურების სამსახურის 390-მდე თანამშრომელზე, მათ შორის, სოციალურ აგენტებზე, რომლებიც დღეიდან გაიფიცნენ. ისინი, სხვა მოთხოვნებთან ერთად, ხელფასის მატებას ითხოვდნენ.

ჯანდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ ხელფასებს გაზრდიდა, სოცაგენტები ამბობენ, რომ ეს არასაკმარისია, სხვა მოთხოვნები კი, უგულებელყოფილი.

დღეს მინისტრმა განაცხადა, რომ ხელფასების განხილვა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და სოცაგენტების დატვირთულობის გათვალისწინებით, ადეკვატურია.

„ჯამურად, კომპენსაციის ჩათვლით, შეუძლიათ თითქმის 2-ჯერ მეტი ხელფასი აიღონ, რაც არის ფიქსირებული იმასთან შედარებით. ვფიქრობთ, რომ დღევანდელი რეალობისთვის, მათი დატვირთულობიდან გამომდინარე, ეს ხელფასი არის ადეკვატური“, – აცხადებს
აზარაშვილი.

სოციალური აგენტები გაიფიცნენ – რატომ?

საქართველოში 17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები, ძირითადად, სოციალური აგენტები – გაიფიცნენ. 3 დღით ადრე მათ ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გააფრთხილეს.

სოციალური აგენტების დარიცხული ხელფასი ამ დრომდე 200 ლარი იყო, ამას ემატებოდა გამომუშავებული ანაზღაურება – თითო ჩატარებულ ინტერვიუში (იგულისხმება ოჯახში მისვლა და მათი მდგომარეობის შეფასება) 4.8 ლარი. ამასთანავე, სოციალური აგენტებს არ უფინანსდებათ ტრანსპორტი. სხვა მოთხოვნებს შორის არის პროფესიულ კავშირთან შრომის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და სხვა.

ჯანდაცვის სამინისტრომ გაფიცვის დაანონსების შემდეგ თქვა, რომ სოციალური აგენტების 250-ლარიანი ხელფასი გახდება 400 ლარი, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. გარდა ამისა, ისინი ერთ ოჯახთან გასაუბრებისთვის 10 ლარს მიიღებენ.

სოციალური აგენტებისთვის აღნიშნული დაპირება მიუღებელია არსებული ეკონომიკური ვითარების ფონზე. გარდა ამისა, სოციალური აგენტები ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობამდე მისვლა საკუთარი ხარჯით უწევთ, რაც დამატებითი მძიმე ტვირთია მათთვის, განსაკუთრებით, რეგიონებში.

„აღარ შეგვიძლია არსებობა ასეთი ხელფასით“ — სოცაგენტები კვლავ იფიცებიან

სამინისტრომ გუშინ გვიან განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ თებერვლიდან სოციალურ აგენტებს ხელფასები გაეზრდებათ.

„მიხედვითაც სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60 % -მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი,“ – ამბობს სამინისტრო.

ამის საპასუხოდ სოცაგენტები ამბობენ, რომ ეს მატება არასაკმარისია და უფრო ნაკლებია – ვიდრე თავად ითხოვენ. ამასთანავე, ისინი აკრიტიკებენ სამინისტროს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში უწყებამ ისინი საერთოდ არ ჩართო. ისინი ამბობენ, რომ აქვთ უნდობლობა ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზების მიმართაც წინა გამოცდილების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში სხვა მოთხოვნებზე საუბარი არაა. სოცაგენტები განაგრძობენ გაფიცვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი