ახალი ამბები

გაფიცვის მე-4 დღე: სოცაგენტებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს

20 იანვარი, 2022 • 1177
გაფიცვის მე-4 დღე: სოცაგენტებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს

გაფიცვის მე-4 დღეს სოციალური მომსახურების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.

ამ კონკრეტული აქციის მთავარი მოთხოვნა ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრაა. დღევანდელ აქციას ასევე შეეურთდნენ რეგიონების სერვისცენტრებში დასაქმებული თანამშრომლები.

ამ დროისთვის აღნიშნული უწყებაში 400-ზე მეტი თანამშრომელია გაფიცული, მათ შორის არიან სოციალური აგენტები, იურისტები, სპეციალისტები და სხვა. სოციალური აგენტები ამბობენ, რომ ამ სამსახურში,  ჯამში, დასაქმებულია 600-ზე მეტი თანამშრომელი.

 

გაფიცულთა ძირითადი მოთხოვნები შემდეგია:

  • სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების ხელფასის (ფიქსირებული და გამომუშავებული ერთეულის) ზრდა 100 %-ით;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გაწეული ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურება სოციალური აგენტებისათვის;
  • სპეციალისტების, უფროსი და მთავარი სპეციალისტების ხელფასების ზრდა 100% -ით (რომელიც არ გაზრდილა 2007 წლის შემდეგ);
  • რეგიონულ და რაიონულ განყოფილებებში დასაქმებული სპეციალისტების, უფროსი და მთავარი სპეციალისტების ხელფასის თბილისის სერვისცენტრებში, იმავე პოზიციაზე დასაქმებულთა ხელფასებთან გათანაბრება;
  • იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციის დასრულებას მოჰყვება მთავარი სპეციალისტის (იურისტი) შტატის შემცირება, აღნიშნული პირები, როგორც მთავარი სპეციალისტები, გადაყვანილი იქნენ შესაბამის პოზიციაზე იმავე ან სხვა განყოფილებაში;
  • სააგენტოს მიერ, სხვა, დამატებითი სამუშაოს დაკისრების შემთხვევაში (სხვა სსიპების დახმარების მიზნით), შემსრულებელ პირს დაერიცხოს დამატებითი შრომითი ანაზღაურება. სააგენტოს ცენტრებს დაემატოს კადრები, რათა დასაქმებულს არ მოუხდეს სხვა დამატებითი პოზიციების ფუნქცია-მოვალეობის შეთავსება;
  • გაფორმდეს პროფესიულ კავშირთან შრომის კოლექტიური ხელშეკრულება;
  • ჩაიდოს ხელშეკრულებაში ხელფასის ყოველწლიური კალკულაცია ინფლაციის დონის გათვალისწინებით.

გაფიცვების პარალელურად დასაქმებულები ამბობენ, რომ თანამშრომლებზე სერვისცენტრების ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს. მთავარი მოთხოვნა გაფიცვასა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობაზე უარის თქმაა.

ვრცლად წაიკითხეთ:

სოცაგენტები ამბობენ, რომ გაფიცვის შეწყვეტის მოთხოვნით, მათი შევიწროება დაიწყეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი