ახალი ამბები

სოცაგენტები ამბობენ, რომ გაფიცვის შეწყვეტის მოთხოვნით, მათი შევიწროება დაიწყეს

19 იანვარი, 2022 • 1314
სოცაგენტები ამბობენ, რომ გაფიცვის შეწყვეტის მოთხოვნით, მათი შევიწროება დაიწყეს

სოციალური აგენტები ამბობენ, რომ მათ თანამშრომლებზე სერვისცენტრების ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს. მთავარი მოთხოვნა გაფიცვასა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობაზე უარის თქმაა.

ნეტგაზეთთან ინტერვიუში სოცაგენტი და აქციების ერთ-ერთი ყველეზე აქტიური მონაწილე, თეა ნარიმანიშვილი ამბობს, რომ მან იცის სამსახურიდან გაშვების მუქარის ერთი შემთხვევა, დანარჩენი კი, როგორც თავად განმარტავს, ფსიქოლოგიური წნეხის ფაქტებია.

„აფიშირება არ უნდათ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამ ზეწოლის ქვეშ არიან. შესაბამისად, ვერც მე გავახმოვანებ. უშუალოდ მათი ხელმძღვანელები არიან სერვისცენტრები“, – ამატებს ის.

თეა ნარიმანიშვილი გვიყვება, რომ გარდა ერთი შემთხვევისა, ყველა სხვა შემთხვევაში ამუნათებენ თანამშრომლებს: „შენი კოლეგები დაბრუნდნემ სამსახურებში და თქვენ რატომ ხართ გაფიცულები?! ეს ფსიქოლოგიური წნეხია“.

რაც შეეხება გაფიცვას, ნარიმანიშვილის თქმით,  ამჟამად ქვეყნის მასშტაბით სოციალურ სამსახურში დასაქმებულია 600-ზე მეტი ადამიანი, აქედან 403 გაიფიცა. მათ შორის არიან როგორც სოცაგენტები, ასევე იურისტები, სპეციალისტები და სხვა.

ნეტგაზეთმა კითხვით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ხვალ, 13:00 საათზე, სოციალური სამსახურის თანამშრომლები აქციას ორ ქალაქში გამართავენ: თბილისში – პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან, ხოლო ბათუმში – ჯანდაცვის სამინისტროსთან. ხვალინდელი აქციის მთავარი მოთხოვნა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან, ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრაა.


სოციალური აგენტები გაიფიცნენ – რატომ?

საქართველოში 17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები, ძირითადად, სოციალური აგენტები – გაიფიცნენ. 3 დღით ადრე მათ ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გააფრთხილეს.

სოციალური აგენტების დარიცხული ხელფასი ამ დრომდე 200 ლარი იყო, ამას ემატებოდა გამომუშავებული ანაზღაურება – თითო ჩატარებულ ინტერვიუში (იგულისხმება ოჯახში მისვლა და მათი მდგომარეობის შეფასება) 4.8 ლარი. ამასთანავე, სოციალური აგენტებს არ უფინანსდებათ ტრანსპორტი. სხვა მოთხოვნებს შორის არის პროფესიულ კავშირთან შრომის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და სხვა.

ჯანდაცვის სამინისტრომ გაფიცვის დაანონსების შემდეგ თქვა, რომ სოციალური აგენტების 250-ლარიანი ხელფასი თებერვლიდან გახდება 400 ლარი, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. გარდა ამისა, ისინი ერთ ოჯახთან გასაუბრებისთვის 10 ლარს მიიღებენ.

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ სოციალური აგენტების ხელფასები ცვლილების შემდეგ ადეკვატურია.

სოციალური აგენტებისთვის აღნიშნული დაპირება მიუღებელია არსებული ეკონომიკური ვითარების ფონზე. გარდა ამისა, სოციალური აგენტები ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობამდე მისვლა საკუთარი ხარჯით უწევთ, რაც დამატებითი მძიმე ტვირთია მათთვის, განსაკუთრებით, რეგიონებში.

„აღარ შეგვიძლია არსებობა ასეთი ხელფასით“ — სოცაგენტები კვლავ იფიცებიან

სამინისტრომ გუშინ გვიან განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ თებერვლიდან სოციალურ აგენტებს ხელფასები გაეზრდებათ.

„მიხედვითაც სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60 % -მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი,“ – ამბობს სამინისტრო.

ამის საპასუხოდ სოცაგენტები ამბობენ, რომ ეს მატება არასაკმარისია და უფრო ნაკლებია – ვიდრე თავად ითხოვენ. ამასთანავე, ისინი აკრიტიკებენ სამინისტროს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში უწყებამ ისინი საერთოდ არ ჩართო. ისინი ამბობენ, რომ აქვთ უნდობლობა ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზების მიმართაც წინა გამოცდილების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში სხვა მოთხოვნებზე, მათ შორის, ტრანსპორტის დაფინანსებაზე, დეკრეტულ შვებულებაზე და სხვა – საუბარი არაა. სოცაგენტები განაგრძობენ გაფიცვას.

გაფიცულთა ძირითადი მოთხოვნები შემდეგია:

  • სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების ხელფასის  (ფიქსირებული და გამომუშავებული ერთეულის) ზრდა 100 %-ით;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გაწეული ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურება სოციალური აგენტებისათვის;
  • სპეციალისტების, უფროსი და მთავარი სპეციალისტების ხელფასების ზრდა 100% -ით (რომელიც არ გაზრდილა 2007 წლის შემდეგ);
  • რეგიონულ და რაიონულ განყოფილებებში დასაქმებული სპეციალისტების, უფროსი და მთავარი სპეციალისტების ხელფასის თბილისის სერვის ცენტრებში, იგივე პოზიციაზე დასაქმებულთა ხელფასებთან გათანაბრება.
  • იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციის დასრულებას მოყვება მთავარი სპეციალისტის (იურისტი) შტატის შემცირება, აღნიშნული პირები, როგორც მთავარი სპეციალისტები, გადაყვანილი იქნენ შესაბამის პოზიციაზე იმავე ან სხვა განყოფილებაში.
  • სააგენტოს მიერ, სხვა, დამატებითი სამუშაოს დაკისრების შემთხვევაში (სხვა სსიპების დახმარების მიზნით) შემსრულებელ პირს დაერიცხოს დამატებითი შრომითი ანაზღაურება.•                სააგენტოს ცენტრებს დაემატოს კადრები, რათა  დასაქმებულს არ მოუხდეს სხვა დამატებითი პოზიციების ფუნქცია-მოვალეობის შეთავსება.
  • გაფორმდეს პროფესიულ კავშირთან შრომის კოლექტიური ხელშეკრულება.
  • ჩაიდოს ხელშეკრულებაში ხელფასის ყოველწლიური კალკულაცია ინფლაციის დონის გათვალისწინებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი