ახალი ამბები

დაამტკიცეს ახალი ხელფასები, რომელსაც სოცაგენტები არ ეთანხმებიან

18 იანვარი, 2022 • 2083
დაამტკიცეს ახალი ხელფასები, რომელსაც სოცაგენტები არ ეთანხმებიან

ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე ოფიციალურად დაამტკიცა სოციალური მომსახურების სამსახურის თანამშრომელთა ახალი ხელფასები. ცვლილება მალე მინისტრის ახალ ბრძანებაში აისახება.

ამის პარალელურად, აღნიშნული სამსახურის 390 თანამშრომელი, ძირითადად, სოციალური მუშაკები, მესამე დღეა, რაც გაიფიცნენ. ისინი არ ეთანხმებიან ჯანდაცვის მიერ შეთავაზებულ ახალ ხელფასებს, რადგან ამბობენ, რომ მატება არასაკმარისია, მათი შრომა კი – დაუფასებელი. ამასთანავე, სოცაგენტები აცხადებენ, რომ სამინისტრომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში ისინი კვლავ არ ჩართო.

„სოციალური მომსახურების სააგენტო, სოციალური აგენტების მომატებულ შრომის ანაზღაურებას ახალი ბრძანებით – 2022 წლის 17 იანვრის N04-12/ო – „სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროს სოციალურ აგენტთა და სოციალურ აგენტთა შრომის აღრიცხვისა და ანაზღაურების წესების დამტკიცების შესახებ“ დაარეგულირებს.
დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება.

კერძოდ, მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 40%-დან 60%-მდე ეზრდებათ. აღნიშნულის შესახებ დოკუმენტი გასაცნობად თანამშრომლებს უკვე დაეგზავნათ“,- წერს უწყება.

ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ თანამდებობრივი სარგო სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ 998 პირს შეეხება.

სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების მომატებული შრომის ანაზღაურების შესახებ ბრძანება ძალაში 2022 წლის 20 იანვრიდან შევა, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მომატებულ ხელფასებს 2022 წლის 1 თებერვლიდან მიიღებენ.

სოციალური აგენტები გაიფიცნენ – რატომ?

საქართველოში 17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები, ძირითადად, სოციალური აგენტები – გაიფიცნენ. 3 დღით ადრე მათ ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გააფრთხილეს.

სოციალური აგენტების დარიცხული ხელფასი ამ დრომდე 200 ლარი იყო, ამას ემატებოდა გამომუშავებული ანაზღაურება – თითო ჩატარებულ ინტერვიუში (იგულისხმება ოჯახში მისვლა და მათი მდგომარეობის შეფასება) 4.8 ლარი. ამასთანავე, სოციალური აგენტებს არ უფინანსდებათ ტრანსპორტი. სხვა მოთხოვნებს შორის არის პროფესიულ კავშირთან შრომის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და სხვა.

ჯანდაცვის სამინისტრომ გაფიცვის დაანონსების შემდეგ თქვა, რომ სოციალური აგენტების 250-ლარიანი ხელფასი გახდება 400 ლარი, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. გარდა ამისა, ისინი ერთ ოჯახთან გასაუბრებისთვის 10 ლარს მიიღებენ.

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ სოციალური აგენტების ხელფასები ცვლილების შემდეგ ადეკვატურია.

სოციალური აგენტებისთვის აღნიშნული დაპირება მიუღებელია არსებული ეკონომიკური ვითარების ფონზე. გარდა ამისა, სოციალური აგენტები ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობამდე მისვლა საკუთარი ხარჯით უწევთ, რაც დამატებითი მძიმე ტვირთია მათთვის, განსაკუთრებით, რეგიონებში.

„აღარ შეგვიძლია არსებობა ასეთი ხელფასით“ — სოცაგენტები კვლავ იფიცებიან

სამინისტრომ გუშინ გვიან განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ თებერვლიდან სოციალურ აგენტებს ხელფასები გაეზრდებათ.

„მიხედვითაც სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60 % -მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი,“ – ამბობს სამინისტრო.

ამის საპასუხოდ სოცაგენტები ამბობენ, რომ ეს მატება არასაკმარისია და უფრო ნაკლებია – ვიდრე თავად ითხოვენ. ამასთანავე, ისინი აკრიტიკებენ სამინისტროს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში უწყებამ ისინი საერთოდ არ ჩართო. ისინი ამბობენ, რომ აქვთ უნდობლობა ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზების მიმართაც წინა გამოცდილების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში სხვა მოთხოვნებზე საუბარი არაა. სოცაგენტები განაგრძობენ გაფიცვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი