საზოგადოება

„აღარ შეგვიძლია არსებობა ასეთი ხელფასით“ — სოცაგენტები კვლავ იფიცებიან

14 იანვარი, 2022 • 3324
„აღარ შეგვიძლია არსებობა ასეთი ხელფასით“ — სოცაგენტები კვლავ იფიცებიან

ორშაბათიდან სოციალური მომსახურების 390 თანამშრომელი — ძირითადად, სოციალური აგენტები — გაიფიცება. შესაბამისი განაცხადი მათ დღეს, 14 იანვარს, ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეიტანეს.

სოციალური აგენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხელფასების გაზრდაა. მათ დღეს ფიქსირებულად 200 ლარი ერიცხებათ.

გაფიცვას ასევე უერთდებიან სპეციალისტები, იურისტები და სხვა თანამშრომლები. ეს გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ ორშაბათიდან ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრები ბენეფიციარებს ვეღარ მოემსახურებიან. უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების ცენტრები იფიცებიან:

  • თბილისი: ყველა რაიონი;
  • აჭარა: ბათუმი, ხულო, შუახევი, ხელვაჩაური;
  • იმერეთი: ქუთაისი, ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა, ხარაგაული;
  • კახეთი: სიღნაღი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, გურჯაანი ლაგოდეხი;
  • გურია: ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი: მარტვილი, ხობი, ზუგდიდი, აბაშა, მესტია;
  • მცხეთა-მთიანეთი: მცხეთა, დუშეთი, თიანეთი;
  • სამცხე-ჯავახეთი: ბორჯომი;
  • შიდა ქართლი: გორი, ქარელი;
  • ქვემო ქართლი: დმანისი;

სოციალური აგენტების შეტყობინება გაფიცვასთან დაკავშირებით. ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

200-ლარიანი დარიცხული ხელფასი და მძიმე ფიზიკურ-ემოციური შრომა | რას ჰყვებიან დასაქმებულები

ის, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულები ითხოვენ ადეკვატურ შრომის ანაზღაურებასა და შრომით პირობებს, სულ მცირე, 2 წელია იცის ჯანდაცვის სამინისტრომ.

ჯერ კიდევ 2020 წელს სოციალურ აგენტებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მედიაცია დაიწყო, გაიმართა არაერთი შეხვედრა, გავრცელდა არაერთი განცხადება თუმცა, როგორც სოციალური აგენტები ამბობენ, მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილებულა. ასეთ პირობებში შრომა კი მათ აღარ შეუძლიათ.

ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა ხელფასის ზრდაა. ბოლო 2 წელიწადში სოციალურ აგენტებს ხელფასი ფიქსირებული 80 ლარიდან 200 ლარამდე გაეზარდათ. თუმცა, ნეტგაზეთს „სოლიდარობის ქსელში“ — ორგანიზაციაში, რომელიც ეხმარება სოცაგენტებს — უთხრეს, სამინისტრომ მანამდე დაპირება გასცა, რომ ეს 120-ლარიანი ზრდა პირველი ნაბიჯი იქნებოდა.

სოც.მომსახურების თანამშრომლებს „სოლიდარობის ქსელის“ დახმარებით შეტყობინება შეაქვთ ჯანდაცვის სამინისტროში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

სოციალურ აგენტებს ფიქსირებულ ხელფასთან ერთად აქვთ დანამატები — ანაზღაურება იზრდება იმისდა მიხედვით, თუ რამდენ ოჯახს მოემსახურებიან ისინი. თუმცა თითო ასეთი ინტერვიუ ოჯახთან 4.8 ლარი ღირს. შესაბამისად, დანამატებთანაც კი, სოცაგენტების უმეტესობას ხელფასი 500 ლარამდეც კი არ გამოსდის.

„მთავარი პრობლემაა ჩვენი ანაზღაურება და სამუშაო პირობებია, რომელიც პანდემიის პირობებში 300 ლარს აღარ აღემატება. შესაბამისად, 3 წელია უკვე აქტიურად ვიბრძვით ამისთვის და ყოველ წელს ერთი და იმავე სცენარით ხდება ყველაფერი: მოვლენ, ვისაუბრებთ, დავიშლებით, არ შეასრულებენ, ისევ შევიკრიბებით და ა.შ.

თუმცა წელს უკვე აღარ გაუვიდათ ეს სცენარი, ძალიან გააბრაზეს თავისი თანამშრომელი,“ – ამბობს სოციალური აგენტი გიორგი ფულარიანი და ამატებს, რომ უკვე თვეზე მეტია სამინისტრო კონტაქტზე არ გამოდის, მანამდე კი უწყებამ დაპირება გასცა, რომ იანვრიდან ხელფასებს გაზრდიდა:

„მხოლოდ მუხტის ჩასახშობად იყო ეს ყველაფერი“.

ნეტგაზეთთან დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად გიორგი ფულარიანი ამბობს, რომ მისი საქმიანობა ძირითადად ოჯახების მონახულება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაა. როგორც წესი, სოციალურ აგენტს ოჯახამდე მისვლა თავისი ხარჯით უწევს.

„პანდემიის დროს დანამატი ავიღეთ, ოღონდ ამ პერიოდში ძალიან ცოტა ოჯახი იყო და მოჭრილ 200 ლარზე გარდა… 300 ლარს ვერ ვცდებით. მე პირადად, 250 ლარს დიდი ხანია ვერ ვცდები“, — დასძენს ნეტგაზეთთან გიორგი ფულარიანი.

სოციალური აგენტი გიორგი ფურელიანი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

კიდევ ერთი სოციალური აგენტი, რომელმაც დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა, თეა ნარიმანიშვილია. ის თავის საქმიანობას ასე აღწერს:

„ინტერვიუს ვატარებ ოჯახთან, ოჯახი მაწვდის ინფორმაციას და შემდეგ ამ ინფორმაციის საფუძველზე გაიცემა სარეიტინგო ქულა და შემდგომ ამაზე დაყრდნობით გაიცემა სოციალური დახმარება. 13 წელია, სახელმწიფო თითო ასეთ ინტერვიუში მიხდის 4.80 ლარს.

ასევე არის დემოგრაფიული პროგრამა, სადაც სოცაგენტს 1.6 ლარს უხდიან. აგზავნიან ოჯახში, რომ ბავშვისა და დედის არსებობა დაადასტუროს. შესაძლოა, რაიონში, 20-30 კილომეტრს იქით გააგზავნოს და ეს 1.60 ლარი გზის ფულიც არ არის. გამოდის, რომ სააგენტი გვხოცავს. ამ ხელფასზე ვეღარ ვქაჩავთ, ვეღარ ვმუშაობთ“, — გვიყვება თეა ნარიმანაშვილი.

ის ამბობს, რომ დიდი ხანია, გაფიცვისგან თავს იკავებდნენ სწორედ სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების ინტერესების გათვალისწინებისთვის.

„მართლა დიდი მუხრუჭი იყო ეს პრობლემა, მაგრამ ფიზიკურად აღარ შეგვიძლია არსებობა 360 ლარზე, 400 ლარზე. როგორ იცხოვროს ოჯახმა?

ამ ხელფასზე მყოფმა თანამშრომლებმა რომ შეიტანეს სოციალურ დახმარებაზე განაცხადი, პროგრამამ ჩათვალა, რომ ეს ოჯახი იმყოფება სიღარიბის ზღვარს მიღმა, შიმშილის ზღვარზე, და დაენიშნა 100%-იანი დახმარება. თვითონ პროგრამამ ჩათვალა, რომ სააგენტოს დასაქმებული ამ ხელფასზე რომ აცხოვრებს ოჯახს, იმყოფება შიმშილის ზღვარზე. ჩვენ თვითონ გვჭირდება სოციალური დახმარება“, — დასძენს ის.

სოციალური აგენტი თეა ნარიმანაშვილი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ჯანდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით დუმს სოციალური აგენტების გაფიცვასთან დაკავშირებით. მასალა განახლდება უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე.

სრულად დასაქმებულთა მოთხოვნები კი შემდეგია:

  • სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების ხელფასის ორივე ნაწილის (ფიქსირებული და გამომუშავებული ერთეულის) ზრდა 100 %-ით;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გაწეული გზის ხარჯის ანაზღაურება სოციალური აგენტებისათვის;
  • სპეციალისტების, უფროსი და მთავარი სპეციალისტების ხელფასების ზრდა 100% -ით. (რომელიც არ გაზრდილა 2007 წლის შემდეგ);
  • რეგიონში და რაიონულ განყოფილებებში დასაქმებული სპეციალისტების, უფროსის და მთავარი სპეციალისტების ხელფასის თბილისის სერვისცენტრებში იგივე პოზიციაზე დასაქმებულთა ხელფასებთან გათანაბრება;
  • იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციის დასრულებას მოჰყვება მთავარი სპეციალისტის (იურისტი) შტატის შემცირება, აღნიშნული პირები, როგორც მთავარი სპეციალისტები, გადაყვანილი იქნენ შესაბამის პოზიციაზე იმავე ან სხვა განყოფილებაში;
  • სააგენტოს მიერ, სხვა დამატებითი სამუშაოს დაკისრების შემთხვევაში (სხვა სიპების დახმარების მიზნით), შემსრულებელ პირს დაერიცხოს დამატებით შრომის ანაზღაურება;
  • სააგენტოს ცენტრებს დაემატოს კადრები, რათა არ მოუწიოს დასაქმებულს სხვა დამატებითი პოზიციების ფუნქცია/მოვალეობის შეთავსება;
  • გაფორმდეს პროფესიულ კავშირთან შრომის კოლექტიური ხელშეკრულება;
  • ჩაიდოს ხელშეკრულებაში ხელფასის ყოველწლიური კალკულაცია ინფლაციის დონის გათვალისწინებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი