ახალი ამბები

14-15 იანვრის ღონისძიებების შემდეგ ღამის კლუბები მუშაობას შეაჩერებენ

14 იანვარი, 2022 • 1369
14-15 იანვრის ღონისძიებების შემდეგ ღამის კლუბები მუშაობას შეაჩერებენ

14-15 იანვრის ღონისძიებების შემდეგ ღამის კლუბები  მუშაობის შეჩერებას გაურკვეველი ვადით გეგმავენ. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის გაერთიანების act4culture-ის ხელმძღვანელმა, დავით ლეჟავამ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის,”ომიკრონის” სწრაფი გავრცელების გამო მიიღეს და მუშაობის გაგრძელების თარიღებიც ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

“არ გვაქვს განსაზღვრული პერიოდი, რამდენი ხნით, მაგრამ ვაჩერებთ ფუნქციონირებას ამ გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. ყველა ვხვდებით, რომ არაკეთილსაიმედო პერიოდი გველოდება და ამიტომ, ყველაზე პასუხისმგებლობიანი იქნებოდა ეს ნაბიჯი. ეს გადაწყვეტილება მრავალმხრივ შეთანხმებულია ყველასთან, ვაგრძელებთ მუშაობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომ უახლოეს პერიოდში, როდესაც მუსიკალური სივრცეები გაიხსნება, ეს იყოს უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა იყოს გათვალისწინებული”, – განმარტა ლეჟავამ.

რაც შეეხება 14-15 იანვარს დაგეგმილ ღონისძიებებს, ლეჟავას განცხადებით, ამის შესახებ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთანაც შეთანხმებულია.

ღამის კლუბებმა მუშაობა 2020 წლის მარტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეწყვიტეს. თითქმის ორი წლის განმავლობაში მათ მხოლოდ რამდენიმე სატესტო ღონისძიება ჩაატარეს. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება 2021 წლის ოქტომბერში გაიმართა, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც კლუბებმა მუშაობის განახლების უფლების მოთხოვნა აქტიურად დაიწყეს.

აკრძალვის მიუხედავად, 2021 წლის დეკემბერში,  რამდენიმე ღამის კლუბმა ღონისძიებები მაინც ჩაატარა. ისინი ამბობდნენ, რომ აღნიშნული ღონისძიებების გამართვის უფლებაზე შრომის ინსპექციისგან დაპირება ჰქონდათ მიღებული, რის შემდეგაც დაგეგმეს საკლუბო ღამეები, რაც ფინანსურ ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული. თუმცა ღონისძიებების გამართვის დღეს შრომის ინსპექციამ რამდენიმე ღამის კლუბი 10 ათასი ლარით დააჯარიმა.

საბოლოოდ, მთავრობამ ღამის კლუბებს მუშაობის უფლება მისცა 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 2 იანვრის 06:00 საათამდე, ასევე, 2022 წლის 7 და 9 იანვარს.

12 იანვარს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ მუშაობის უფლება ისევ ეზღუდებოდათ. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” მთავრობის პრესსამსახურმაც დაუდასტურა. მათ შორის საუბარი იყო 14-15 იანვრის ღონისძიებებზეც, თუმცა როგორც დავით ლეჟავამ განუმარტა “ნეტგაზეთს” საბოლოოდ მთავრობისგან დღეს და ხვალ ღონისძიების ჩატარების უფლება მიიღეს.

არჩევნები? – რატომ აჭიანურებენ რესტორნებისთვის “კოვიდ პასპორტის” დანერგვას

მასალების გადაბეჭდვის წესი