ახალი ამბები

ღამის კლუბებს მუშაობის უფლება ისევ შეეზღუდათ

12 იანვარი, 2022 •
ღამის კლუბებს მუშაობის უფლება ისევ შეეზღუდათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღამის კლუბებს მუშაობის უფლება კვლავ შეეზღუდათ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განმარტებით, ამ დრომდე კლუბებს სატესტო რეჟიმში, ახალი წლის პერიოდში, მხოლოდ რამდენიმე დღით მიეცათ მუშაობის უფლება. თუმცა ამ პერიოდში არ გაუქმებულა შეზღუდვა, რომელიც მათ ზოგადად ღონისძიებების ჩატარების უფლებას არ აძლევდა.

ღამის კლუბის — “მტკვარზე” [MTKVARZE] — წარმომადგენელი ქეთა გაბუნია კი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ დღეს, 12 იანვარს კლუბების გაერთიანების, ACT4CULTURE-ის ხელმძღვანელი დავით ლეჟავა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდა. გაბუნიას განმარტებით, შეხვედრაზე ითქვა, რომ კლუბებმა ომიკრონის შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუშაობა კიდევ ორი კვირით უნდა შეაჩერონ.

“ისევ კლუბები მოვხვდით იმ სიაში, რომ ისევ უნდა გავჩერდეთ. როდესაც ამბობენ, რომ თებერვალში იქნება ყველაზე დიდი პიკი, ძალიან მეეჭვება, რომ თებერვლის დასაწყისში მოგვცემენ გახსნის უფლებას. ახლა ამბობენ, რომ ორი კვირით ვიხურებით, მაგრამ მგონია, რომ უფრო დიდხანს ვიქნებით დაკეტილი. ვფიქრობ, გაზაფხულამდე არაფერი იქნება”, — უთხრა ქეთა გაბუნიამ “ნეტგაზეთს”.

კლუბ “ხიდის” [KHIDI] წარმომადგენელი, სოფო ებრალიძე კი “ნეტგაზეთთან” აცხადებს, რომ 14 იანვრისა და 21 იანვრის ღონისძიებები უკვე დაგეგმილი აქვთ, რადგან მთავრობისგან სიტყვიერი თანხმობა ჰქონდათ მიღებული. მათ შორის უკვე გაწეული აქვთ ფინანსური ხარჯებიც.

“ყოველკვირეულად გვიახლებდნენ ღონისძიების ჩატარების უფლებას და 14-ზე და 21-ზე დადგენილება ჯერ არ იყო გამოცემული, მაგრამ ვიცოდით, რომ ვატარებდით იმიტომ, რომ სიტყვიერი შეთანხმება გვქონდა და ახლა ორი დღით ადრე გვიცხადებენ, რომ არ იქნება [ღონისძიებები]. ამ ივენთების ხარჯი გაწეულია . ერთი არტისტი უკვე თბილისშია, მეორის ბილეთი ნაყიდია. პრობლემაა არტისტები და თანამშრომლები, რომლებმაც იცოდნენ, რომ 14 იანვარს ღონისძიება უნდა ჩაგვეტარებინა, ახლა ორი დღით ადრე უნდა ვუთხრათ, რომ ვეღარ იმუშავებენ.

ჩემი მოსაზრება იყო, რომ თუ ჩაიკეტებოდა ზოგადად სხვადასხვა სფერო, მაშინ ავტომატურად მოვყვებოდით ჩვენც და გასაგები იქნებოდა, მაგრამ გამოვიდა, რომ კლუბები, რომლებიც პატიოსნად იქცევიან და ყველაზე ნაკლებად ვმონაწილეობთ ვირუსის გავრცელების პროცენტების ზრდაში, ისევ ჩვენ გვჩაგრავენ რაღაცნაირად”, – განმარტა სოფო ებრალიძემ.

ებრალიძის თქმით, ღამის კლუბები საერთო შეხვედრას დღეს, 12 იანვარს გამართავენ, სადაც სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.

ღამის კლუბებმა მუშაობა 2020 წლის მარტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეწყვიტეს. თითქმის ორი წლის განმავლობაში მათ მხოლოდ რამდენიმე სატესტო ღონისძიება ჩაატარეს. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება 2021 წლის ოქტომბერში გაიმართა, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც კლუბებმა მუშაობის განახლების უფლების მოთხოვნა აქტიურად დაიწყეს. 2021 წლის დეკემბერში რამდენიმე ღამის კლუბმა აკრძალვის მიუხედავად ღონისძიებები მაინც ჩაატარა. ისინი ამბობდნენ, რომ აღნიშნული ღონისძიებების გამართვის უფლებაზე შრომის ინსპექციისგან დაპირება ჰქონდათ მიღებული, რის შემდეგაც დაგეგმეს საკლუბო ღამეები, რაც ფინანსურ ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული. თუმცა ღონისძიებების გამართვის დღეს შრომის ინსპექციამ რამდენიმე ღამის კლუბი 10 ათასი ლარით დააჯარიმა.

საბოლოოდ მთავრობამ ღამის კლუბებს მუშაობის უფლება მისცა 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 2 იანვრის 06:00 საათამდე, ასევე, 2022 წლის 7 და 9 იანვარს.

არჩევნები? – რატომ აჭიანურებენ რესტორნებისთვის “კოვიდ პასპორტის” დანერგვას

მასალების გადაბეჭდვის წესი