საზოგადოება

პანდემიასთან ბრძოლის ახალ და სამართლიან გეგმამდე ვაგრძელებთ მუშაობას – კლუბები

13 იანვარი, 2022 • 1351
პანდემიასთან ბრძოლის ახალ და სამართლიან გეგმამდე ვაგრძელებთ მუშაობას – კლუბები

თბილისში მოქმედი კლუბები საერთო განცხადებაში ამბობენ, რომ სანამ სახელმწიფო არ შეიმუშავებს არადისკრიმინაციულ და სამართლიან გეგმას – ისინი მუშაობას განაგრძობენ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ომიკრონის“ გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები თანაბრად უნდა ეხებოდეს ყველას და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ჯგუფს, ამ შემთხვევაში – კლუბებს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღამის კლუბებს მუშაობის უფლება კვლავ შეეზღუდათ.კლუბები ამ ცნობის საპასუხოდ ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივი იყო და ასევე არასწორია ინფორმაცია, თითქოს შეზღუდვის პარალელურად საკლუბო სივრცეები კომპენსაციას მიიღებენ – „რადგან არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობასა და კლუბებს შორის ერთობლივად მიღწეულ გადაწყვეტილებას“.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან წარმოდგენილი იყო ეს შეთავაზება, თუმცა სივრცის მფლობელებსა და თბილისის საკლუბო სცენის წარმომადგენლებს შემხვედრი პასუხი ამ ეტაპამდე არ გაგვიცია.

ეჭვგარეშეა, რომ ისეთი რადიკალური ნაბიჯების შესახებ, როგორიცაა დაგეგმილი და დაანონსებული ღონისძიებების მოულოდნელი გაუქმება, შესაბამისი ღონისძიების ორგანიზატორებს უნდა ეცნობოთ გონივრულ ვადაში, რადგან საკლუბო სცენის წარმომადგენლები ამ ეტაპამდე კეთილსინდისიერად ვხელმძღვანელობთ შესაბამის უწყებებთან შეთანხმებული რეგულაციების დაცვით, ხოლო ახალი ზომები უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის რეგულაციების შესახებ ჯერ დადასტურებული არაა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც არის თავად მთავრობის მხრიდან შესაბამისი შეხვედრების გადავადება“, – წერენ კლუბები.

განცხადებაში საკლუბო სივრცეები ასევე აღნიშნავენ, რომ თავად სახელმწიფოს მხრიდან იყო შემოთავაზებული და მხარდაჭერილი 31 დეკემბრიდან – 16 იანვრამდე “ჩვენ მიერ ღონისძიებების ჩატარების იდეა, ხოლო მომდევნო ღონისძიებების ჩატარების წესებსა და პროტოკოლზე იანვრის დასაწყისში უნდა გვემსჯელა.”

„ამიტომ ვთვლით, რომ მოთხოვნა, ცალმხრივად განხილული გადაწყვეტილების დაცვის და 14-15 იანვრის დაანონსებული ღონისძიებების გაუქმების, რომლის დასაორგანიზებლადაც ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფმა სივრცეებმა დიდი ხარჯი გავწიეთ, არის არალეგიტიმური და არ ეფუძნება შეთანხმებაზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობის პრინციპებს.

უტყუარია, რომ ჩვენ მიერ გატარებული უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მექანიზმები ჩვენს სივრცეებს ყველაზე დაცულ ადგილებად აქცევს მიმდინარე პანდემიაში, რაც, თავის მხრივ, არ ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების რისკები ნულამდეა დაყვანილი. აქამდე ჩატარებული ყველა კვლევით, საკლუბო სივრცეებში ვირუსის გავრცელების რისკი რამდენჯერმე ნაკლებია გარე გავრცელების რისკებთან შედარებით.“

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე და უსაფრთხო სივრცის იდეის ერთგული წარმომადგენლები, ვიზიარებთ იმ მოსაზრებასაც, რომ ვირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” გავრცელებამ შეცვალა სურათი არა მხოლოდ საკლუბო სცენაზე, არამედ მთელ ქვეყანაში. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ განიხილება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ზომების შემოღება და გამკაცრება, ეს რეგულაციები უნდა ეხებოდეს ყველა სარისკო სივრცეს და არამხოლოდ კლუბებს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე და შეთანხმების მიღწევამდე წარმოდგენილი უნდა იყოს ვირუსთან ბრძოლის იმგვარი სამოქმედო გეგმა, რომელიც გამორიცხავს კლუბების მიმართ კიდევ ერთხელ არასამართლიან და დისკრიმინაციულ მიდგომას.

პანდემიასთან ბრძოლის ახალი, სამართლიანი და არადისკრიმინაციული გეგმის შემუშავებამდე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას 2022 წლის 14-15 იანვრის დღეებში აქამდე არსებული შეთანხმებისა და რეგულაციების შესაბამისად“, – წერია განცხადებაში.

არჩევნები? – რატომ აჭიანურებენ რესტორნებისთვის “კოვიდ პასპორტის” დანერგვას

 

მასალების გადაბეჭდვის წესი