მთავრობის ინფორმაციით, ღამის კლუბები საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებენ. თუმცა ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, კლუბებში დაიშვება სტუმართა შესაძლო მაქსიმალური რაოდენობის 60%.
ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.
ღამის კლუბებმა მუშაობა 2020 წლის მარტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეწყვიტეს. თითქმის ორი წლის განმავლობაში მათ მხოლოდ რამდენიმე სატესტო ღონისძიება ჩაატარეს. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება 2021 წლის ოქტომბერში გაიმართა, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც კლუბებმა მუშაობის განახლების უფლების მოთხოვნა აქტიურად დაიწყეს.
აკრძალვის მიუხედავად, 2021 წლის დეკემბერში რამდენიმე ღამის კლუბმა ღონისძიებები მაინც ჩაატარა. ისინი ამბობდნენ, რომ აღნიშნული ღონისძიებების გამართვის უფლებაზე შრომის ინსპექციისგან დაპირება ჰქონდათ მიღებული, რის შემდეგაც დაგეგმეს საკლუბო ღამეები, რაც ფინანსურ ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული. თუმცა ღონისძიებების გამართვის დღეს შრომის ინსპექციამ რამდენიმე ღამის კლუბი 10 ათასი ლარით დააჯარიმა.
საბოლოოდ, მთავრობამ ღამის კლუბებს მუშაობის უფლება მისცა 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 2 იანვრის 06:00 საათამდე, ასევე, 2022 წლის 7 და 9 იანვარს.
ბოლო ღონისძიებები 14-15 იანვარს ჩატარდა.