ზუგდიდის საკრებულოს სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო, მეხუთედ გადაიდო. შესაბამისად, კვლავ ვერ მოხერხდა თავმჯდომარისა და თანამდებობის სხვა პირების არჩევა.
კვორუმის მისაღწევად საკრებულოს 12 იანვრის სხდომაზე 23 დეპუტატი უნდა მისულიყო. გამოცხადდა მხოლოდ 17.
ადგილობრივი გამოცემა “ლაივპრესის” ცნობით, სხდომაზე, ჯამში, 24 დეპუტატი არ მივიდა. აქედან 22 წარმოადგენს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობას”, 2 კი — მმართველ პარტიას.
კვორუმის არარსებობის გამო სხდომა თავდაპირველად 1 საათით გადადეს, თუმცა, უშედეგოდ: მომატების ნაცვლად, სხდომათა დარბაზში დეპუტატთა რაოდენობა შემცირდა.
“ლაივპრესი” ციტირებს “ქართული ოცნების” წარმომადგენელს, ირაკლი გოგოხიას, რომელიც ამბობს, რომ სხდომა 1 თვით გადაიდო. თუმცა, თუ რომელიმე ფრაქციას მისი უფრო ადრე ჩატარება სურს, შეუძლია, საკრებულოს მიმართოს.
ზუგდიდის საკრებულოს 45 დეპუტატი აკომპლექტებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ 22 წევრი ჰყავს, „ქართული ოცნებას“ — 20, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ 3 მანდატი აქვს.
გამომდინარე იქიდან, რომ ახლად არჩეული საკრებულოს ვერც ერთი სხდომა შედგა, მას თავმჯდომარე ამ დრომდე არ ჰყავს.
1 დღით ადრე, 11 იანვარს, საკრებულოს თავმჯდომარე ვერც წალენჯიხაში აირჩიეს. დეპუტატებმა თანამდებობების გადანაწილების რამდენიმე მოდელი განიხილეს, თუმცა შეთანხმებას ვერც ერთზე მიაღწიეს.
მთავარი ფოტო: “ლაივპრესი”