ახალი ამბები

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე მეოთხედ ვერ აირჩიეს

11 იანვარი, 2022 • 1634
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე მეოთხედ ვერ აირჩიეს

წალენჯიხის საკრებულოს სხდომა მეოთხედ გადაიდო. სხდომა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარე უნდა არჩეულიყო და სხვა თანამდებობები განაწილებულიყო, დღეს, 11 იანვარს, კიდევ ერთხელ ჩაიშალა.

როგორც ადგილობრივი გამოცემა „რადიო ათინათი“ იუწყება, პარტიამ „საქართველოსთვის“ კორნელი სალიას კანდიდატურა წამოაყენა, თუმცა საკითხი კენჭისყრის პროცედურამდე ვერ მივიდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დეპუტატებმა თანამდებობების გადანაწილების რამდენიმე მოდელი განიხილეს, თუმცა დღეს შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ათინათის“ ინფორმაციით, “ლელოს” წევრმა გოგა დარსალიამ საკრებულოს წევრებს შესთავაზა, თანამდებობები არჩევნებზე მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილებულიყო.

საუბარია 4-3-1-1 ფორმულირებაზე, რომელიც, მისივე განმარტებით, შემდეგს გულისხმობს: თავმჯდომარე – გახარიას პარტიიდან, მოადგილეები – ენმ-დან, „ლელოდან“ და ასევე „ქართული ოცნებიდან“, 3 კომისიის თავმჯდომარეობა „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 2- „ქართულ ოცნებას“. საბოლოოდ, დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ “ლელოს” ამ შემოთავაზებას პარტიის ხელმძღვანელებთან განიხილავენ.

სხდომა 20 იანვრამდე გადაიდო.

კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულო თავმჯდომარეს ირჩევს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

წალენჯიხის საკრებულოში არცერთ ცალკე აღებულ პარტიას არ აქვს უმრავლესობა. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმებაა საჭირო განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის.

ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი.

წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, რომელსაც ოპოზიციონერი მერი ჰყავს. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი