სპეციალური პენიტენციური სამსახური პასუხობს  „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის მიერ 7 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ადვოკატს უფლება არ მისცეს, ციხიდან გამოეტანა პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები.
უწყება განმარტავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენციის შემოწმების საკითხს და ამბობს, რომ „უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს“, შესაბამისი პირი უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პენიტენციური დაწესებულების მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე მიღებული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე, ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას, უზრუნველყოფს დაწესებულება.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია მოწმდება. შემოწმება მოიცავს კორესპონდენციის ვიზუალურ დათვალიერებას მისი შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა“, – წერია განცხადებაში.
უწყება ამბობს, რომ საკანონმდებლო აქტის არცერთი ნორმა არ განსაზღვრავს ადვოკატის უფლებას, ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ დაწესებულებიდან გამოიტანოს სხვადასხვა სახის ჩანაწერი.
„როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში არის პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე უფლებამოსილი, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური, როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ასევე, თითოეულ ადვოკატს აძლევს შესაძლებლობას, დაწესებულების მეშვეობით მოხდეს კორესპონდენციის გაგზავნა, შესაბამისი წესით. ყველა ამ ნორმის შესახებ ინფორმირებულია ყველა მოქმედი ადვოკატი.
შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადება საქმიანობაში ხელის შეშლასთან საფუძველს მოკლებულია“, – წერია განცხადებაში.
საის განცხადებით, 7 ოქტომბერს მათ ადვოკატს, ჯუბა ქათამაძეს უფლება არ მისცეს, ციხიდან გამოეტანა გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები.
ორგანიზაცია ამბობს, რომ ადვოკატი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაყოვნებული პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც იძულებული გახდა, დაეხია საკუთარი ჩანაწერები და მხოლოდ ამის შემდეგ დაეტოვებინა დაწესებულება.