ახალი ამბები

ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს მე და ჩემს შვილს – ოპოზიციონერი დეპუტატი  

31 დეკემბერი, 2021 • 2748
ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს მე და ჩემს შვილს – ოპოზიციონერი დეპუტატი  

ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მალხაზ თორია აცხადებს, რომ მას და ამის არასრულწლოვან შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უცნობმა პირებმა.

თორია, რომელიც ზუგდიდის საკრებულოში გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტიის სიით მოხვდა, ამბობს:

“ვიმყოფებოდი ზუგდიდის სოფელ კობში, საიდანაც წავედი ზუგდიდში, ჩემს საცხოვრებელ სახლში.  ჩემთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა შვილი. შევაჩერეთ მანქანა სასაფლაოსთან, სადაც რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ მამის საფლავთან ჩემს შვილს სანთლის დანთება სურდა. ამ დროს გაჩერდა ავტომანქანა, გადმოვიდა რამდენიმე მამაკაცი და სასაფლაოს ეზოში იარაღის მუქარით მოხდა ჩემზე და ჩემს შვილზე ფიზიკური ძალადობა.

მე ვეუბნებოდი, რომ შეგეშალათ, რაზეც მიპასუხეს, რომ ვიცით ვინ ხარ და რატომ არ ხარ ჩვენთან და რატომ მუშაობ ჩვენს წინააღმდეგო”.

თორია მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ასევე ფიქრობენ გიორგი გახარიას გუნდშიც. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ 31 დეკემბერს ბრიფინგი გამართა და მოითხოვა სწრაფად გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ზუგდიდში  მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და გამოძიება დაწყებულია სამი – 236-ე [ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება], 151-ე [მუქარა], 187 -ე [ნივთის დაზიანება] მუხლით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი