ახალი ამბებიეკონომიკა

ბლუმბერგზე 1 დოლარი უკვე 17 ლირაზე მეტი ღირს

20 დეკემბერი, 2021 • 5307
ბლუმბერგზე 1 დოლარი უკვე 17 ლირაზე მეტი ღირს

თურქეთის ეროვნული ვალუტა – ლირა გაუფასურებას განაგრძობს.

ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება უკვე გადასცდა 17 ლირას და ამჟამად 17.42 ლირა ღირს.

მონაცემები საბოლოო არ არის და შესაძლოა, რომ დღის განმავლობაში ლირა კიდევ უფრო გაუფასურდეს, ან პირიქით – გამყარდეს.

თურქეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რომელიც სამი დღის წინ, 17 დეკემბერს გამოქვეყნდა, ერთი აშშ დოლარი დაახლოებით 16.34 – 16.37 ლირა ღირს.

ექსპერტების შეფასებით, ქვეყანაში უცხოური ვალუტის გაუფასურება უკავშირდება პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ზეწოლით, რეფინანსირების განაკვეთის, იგივე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას.

17 დეკემბერს ძალაში შევიდა ცენტრალური ბანკის ახალი გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 14 პროცენტამდე შემცირებასთან დაკავშირებით, რასაც ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურება მოჰყვა.

ამჟამად ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 16.40 ლირა ღირს მაშინ, როდესაც ამა წლის სექტემბერში 1 აშშ დოლარი დაახლოებით 8.40 ლირა ღირდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის გაცხადებული პოლიტიკის თანახმად, იგი მოქმედებს უცხოური ბანკებისა და ე.წ. საპროცენტო მაფიის, ანუ მაღალი საპროცენტო განაკვეთების წინააღმდეგ. ამ გეგმით ერდოღანი ცდილობს ბანკებში სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

ერდოღანის მიხედვით, დაბალი საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს. მისივე განცხადებით, თურქეთი ამ გზით ეკონომიკურ დამოუკიდებლობას მოიპოვებს.

თუმცა, ოპონენტებისა და ეკონომისტების ნაწილის განცხადებით, ერდოღანის მიერ არჩეული სტრატეგია მეცნიერულ მონაცემებს არ ემყარება და რეფინანსირების განაკვეთის ხელოვნური შემცირება ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.

გარდა ლირის უცხოურ ვალუტებთან გაუფასურებისა, თურქეთში მაღალია ინფლაციის დონეც.

ნოემბრის თვეში თურქეთში ინფლაციის 3-წლიანი მაქსიმუმი 21.3 პროცენტი დაფიქსირდა, თუმცა თურქული ოპოზიციისა და მკვლევართა ნაწილის შეფასებით, ოფიციალური მონაცემები მანიპულაციის შედეგადაა მიღებული და რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია.

„ინფლაციის კვლევის ჯგუფის“ მონაცემების მიხედვით, რომელიც დამოუკიდებელი თურქული ორგანიზაციაა,  ნოემბრის თვის მონაცემებით, ქვეყანაში 58.65-პროცენტიანი ინფლაცია იყო, რაც სამთავრობო მონაცემებს თითქმის 2.8-ჯერ აღემატება.

2019 წლის შემდეგ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის სამი პრეზიდენტი გადააყენა, რადგან ისინი ეწინააღმდეგებოდნენ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას. თანამდებობიდან გაათავისუფლა ფინანსთა მინისტრიც, თუმცა ლირა გაუფასურებას კვლავ განაგრძობს.

თუ როგორ მოქმედებს თურქული ლირის გაუფასურება საქართველოს ეკონომიკაზე, იხილეთ ნეტგაზეთის მასალა: რა გავლენა აქვს თურქული ლირის გაუფასურებას საქართველოზე

მასალების გადაბეჭდვის წესი