ახალი ამბებიეკონომიკა

ნოემბერში თურქეთიდან გადმორიცხვები 7.86 %-ით შემცირდა

18 დეკემბერი, 2021 • 4713
ნოემბერში თურქეთიდან გადმორიცხვები 7.86 %-ით შემცირდა

2021 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 207.3 მლნ აშშ დოლარი (650.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.0%-ით (37.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

იმავე პერიოდში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.8 მლნ აშშ დოლარი (99.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ნოემბერის (21.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 45.3%-ით მეტია.

ჯამში, 2021 წლის პირველ 11 თვეში საქართველოში 2.17 მილიარდი აშშ დოლარის უცხოური გზავნილი შემოვიდა.

ნოემბერში საქართველოში ყველაზე მეტი, 34.40 მილიონი დოლარი შემოვიდა  რუსეთის ფედერაციიდან, 23.98 მლნ აშშ დოლარი,ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან – 32.06 მილიონი, ხოლო საბერძნეთიდან – 18.95 მლნ აშშ დოლარი.

ნოემბრის თვეში, წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 7.86 პროცენტით შემცირდა თურქეთიდან გადმორიცხული თანხების ოდენობა. ნოემბერში თურქეთიდან, ჯამში, გადმოირიცხა 8.3 მილიონი აშშ დოლარი, რაც 3.25 პროცენტით ნაკლებია ამავე წლის ოქტომბრის მონაცემთან შედარებითაც.

თურქეთში ამჟამად ეროვნული ვალუტა უფასურდება და მაღალი ინფლაციაა.

ექსპერტების შეფასებით, ქვეყანაში უცხოური ვალუტის გაუფასურება უკავშირდება პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ზეწოლით, რეფინანსირების განაკვეთის, იგივე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას.

17 დეკემბერს ძალაში შევიდა ცენტრალური ბანკის ახალი გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 14 პროცენტამდე შემცირებასთან დაკავშირებით, რასაც ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურება მოჰყვა.

ამჟამად ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 16.40 ლირა ღირს მაშინ, როდესაც ამა წლის სექტემბერში 1 აშშ დოლარი დაახლოებით 8.40 ლირა ღირდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის გაცხადებული პოლიტიკის თანახმად, იგი მოქმედებს უცხოური ბანკებისა და ე.წ. საპროცენტო მაფიის, ანუ მაღალი საპროცენტო განაკვეთების წინააღმდეგ. ამ გეგმით ერდოღანი ცდილობს ბანკებში სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

ერდოღანის მიხედვით, დაბალი საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს. მისივე განცხადებით, თურქეთი ამ გზით ეკონომიკურ დამოუკიდებლობას მოიპოვებს.

თუმცა, ოპონენტებისა და ეკონომისტების ნაწილის განცხადებით, ერდოღანის მიერ არჩეული სტრატეგია მეცნიერულ მონაცემებს არ ემყარება და რეფინანსირების განაკვეთის ხელოვნური შემცირება ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.

გარდა ლირის უცხოურ ვალუტებთან გაუფასურებისა, თურქეთში მაღალია ინფლაციის დონეც.

ნოემბრის თვეში თურქეთში ინფლაციის 3-წლიანი მაქსიმუმი 21.3 პროცენტი დაფიქსირდა, თუმცა თურქული ოპოზიციისა და მკვლევართა ნაწილის შეფასებით, ოფიციალური მონაცემები მანიპულაციის შედეგადაა მიღებული და რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია.

„ინფლაციის კვლევის ჯგუფის“ მონაცემების მიხედვით, რომელიც დამოუკიდებელი თურქული ორგანიზაციაა,  ნოემბრის თვის მონაცემებით, ქვეყანაში 58.65-პროცენტიანი ინფლაცია იყო, რაც სამთავრობო მონაცემებს თითქმის 2.8-ჯერ აღემატება.

2019 წლის შემდეგ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის სამი პრეზიდენტი გადააყენა, რადგან ისინი ეწინააღმდეგებოდნენ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას. თანამდებობიდან გაათავისუფლა ფინანსთა მინისტრიც, თუმცა ლირა გაუფასურებას კვლავ განაგრძობს.

თუ როგორ მოქმედებს თურქული ლირის გაუფასურება საქართველოს ეკონომიკაზე, იხილეთ ნეტგაზეთის მასალა: რა გავლენა აქვს თურქული ლირის გაუფასურებას საქართველოზე

მასალების გადაბეჭდვის წესი