ახალი ამბებიეკონომიკა

მაღალი ინფლაციის ფონზე თურქეთი მინიმალურ ხელფასს ზრდის

17 დეკემბერი, 2021 • 13296
მაღალი ინფლაციის ფონზე თურქეთი მინიმალურ ხელფასს ზრდის

თურქეთში მაღალი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის ლირის გაუფასურების ფონზე, მინიმალური ხელფასის ზღვრის 50 პროცენტით გაზრდას აპირებენ.

მინიმალური ხელფასი მომავალი წლიდან გაიზრდება და 4 250 თურქული ლირა იქნება, რაც ამჟამინდელი კურსით, დაახლოებით, 800 ქართული ლარია.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაცხადა.

„მინიმალური ხელფასის ზრდა ადასტურებს იმას, რომ არ დავუშვებთ, გაზრდილმა ფასებმა დააზიანონ ჩვენი მშრომელები“, – განაცხადა ერდოღანმა.

ექსპერტების შეფასებით, ქვეყანაში უცხოური ვალუტის გაუფასურება უკავშირდება პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ზეწოლით, რეფინანსირების განაკვეთის, იგივე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას.

17 დეკემბერს ძალაში შევიდა ცენტრალური ბანკის ახალი გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 14 პროცენტამდე შემცირებასთან დაკავშირებით, რასაც ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურება მოჰყვა.

ამჟამად ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 16.40 ლირა ღირს მაშინ, როდესაც ამა წლის სექტემბერში 1 აშშ დოლარი დაახლოებით 8.40 ლირა ღირდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის გაცხადებული პოლიტიკის თანახმად, იგი მოქმედებს უცხოური ბანკებისა და ე.წ. საპროცენტო მაფიის, ანუ მაღალი საპროცენტო განაკვეთების წინააღმდეგ. ამ გეგმით ერდოღანი ცდილობს ბანკებში სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

ერდოღანის მიხედვით, დაბალი საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს. მისივე განცხადებით, თურქეთი ამ გზით ეკონომიკურ დამოუკიდებლობას მოიპოვებს.

თუმცა, ოპონენტებისა და ეკონომისტების ნაწილის განცხადებით, ერდოღანის მიერ არჩეული სტრატეგია მეცნიერულ მონაცემებს არ ემყარება და რეფინანსირების განაკვეთის ხელოვნური შემცირება ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.

გარდა ლირის უცხოურ ვალუტებთან გაუფასურებისა, თურქეთში მაღალია ინფლაციის დონეც.

ნოემბრის თვეში თურქეთში ინფლაციის 3-წლიანი მაქსიმუმი 21.3 პროცენტი დაფიქსირდა, თუმცა თურქული ოპოზიციისა და მკვლევართა ნაწილის შეფასებით, ოფიციალური მონაცემები მანიპულაციის შედეგადაა მიღებული და რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია.

„ინფლაციის კვლევის ჯგუფის“ მონაცემების მიხედვით, რომელიც დამოუკიდებელი თურქული ორგანიზაციაა,  ნოემბრის თვის მონაცემებით, ქვეყანაში 58.65-პროცენტიანი ინფლაცია იყო, რაც სამთავრობო მონაცემებს თითქმის 2.8-ჯერ აღემატება.

2019 წლის შემდეგ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის სამი პრეზიდენტი გადააყენა, რადგან ისინი ეწინააღმდეგებოდნენ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას. თანამდებობიდან გაათავისუფლა ფინანსთა მინისტრიც, თუმცა ლირა გაუფასურებას კვლავ განაგრძობს.

თუ როგორ მოქმედებს თურქული ლირის გაუფასურება საქართველოს ეკონომიკაზე, იხილეთ ნეტგაზეთის მასალა: რა გავლენა აქვს თურქული ლირის გაუფასურებას საქართველოზე

მასალების გადაბეჭდვის წესი