ახალი ამბები

საგარეო უწყებასთან მამუკა ჩხიკვაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

19 დეკემბერი, 2021 • 1125
საგარეო უწყებასთან მამუკა ჩხიკვაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, სოფელ ნიქოზთან დაკავებული მამუკა ჩხიკვაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მიიტანეს პლაკატების წარწერით: „ხმა ამოიღეთ“, „ირაკლი ბებუა რატომ მივატოვეთ?“ „ტატუნაშვილზეც „ყველაფერი გააკეთეთ?“

„ძალიან კონტრუქციულად მოვედით და შეიძლება ითქვას, მეგობრულად, თხოვნით, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩართონ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ყველა ის მისია, რომელიც ადგილზე მუშაობს, რათა ძალიან სწრაფად მოხდეს ამ ადამიანის გათავისუფლება, რადგან მისი სიცოცხლე საფრთხეშია“, — განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

„სირცხვილია“ ხელისუფლებას პასიურობაში ადანაშაულებს. აქციის ორგანიზატორების შეფასებით, 12 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მამუკა ჩხიკვაძის დაკავების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო კომუნიკაცია არ ჰქონია ხელისუფლების არცერთ უმაღლეს პირს. დაკავებიდან 6 დღის შემდეგაც კი საზოგადოებას არ მიეწოდება განახლებადი ინფორმაცია ჩხიკვაძის დაკავებების გარემოებების შესახებ.

„მოვითხოვთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუყოვნებლივ გამოიყენონ საკუთარი მანდატით მინიჭებული უფლებები იმისთვის, რომ აღნიშნული საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დადგეს. ამასთან, უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება დაკავებულის მდგომარობისა და მის გარშემო არსებული ვითარების შესახებ“, — აცხადებს „სირცხვილია“.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 დეკემბერს დააკავეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ცნობით, ჩხიკვაძე ცხინვალის იზოლატორში ცემისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

„ჩხიკვაძეს ცხინვალის ციხეში სცემეს“ — ქაცარავა ხელისუფლებისგან ინფორმაციას ითხოვს და აქციებს აანონსებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი