ახალი ამბები

„ჩხიკვაძეს ცხინვალის ციხეში სცემეს“ — ქაცარავა ხელისუფლებისგან ინფორმაციას ითხოვს და აქციებს აანონსებს

14 დეკემბერი, 2021 • 1578
„ჩხიკვაძეს ცხინვალის ციხეში სცემეს“ — ქაცარავა ხელისუფლებისგან ინფორმაციას ითხოვს და აქციებს აანონსებს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი, დავით ქაცარავა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მამუკა ჩხიკვაძის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან მისი ოჯახის წევრებს ხვალ საღამომდე არ ექნებათ კონკრეტული ინფორმაცია, ისინი, ოჯახთან შეთანხმების საფუძველზე, აქციებს დაიწყებენ. მამუკა ჩხიკვაძე ყოფილი სამხედროა, რომელიც საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზემო ნიქოზთან 11 დეკემბერს დააკავეს.

ქაცარავას თქმით, მამუკა ჩხიკვაძეს ცხინვალის ციხეში სცემეს. ამის შესახებ ქაცარავამ “ნეტგაზეთთან” განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია ცხინვალიდან “სანდო წყარომ” მიაწოდა.

“ის არის სასტიკად ნაცემი, შეიძლება ითქვას, რომ წამების მსხვერპლია უკვე. ინფორმაცია გამოვიდა ცხინვალიდან, გვაქვს გარკვეული წყაროები, უფრო კონკრეტულად ვერ გეტყვით. მაგრამ ასეთი ინფორმაციაა, სანდო წყაროა და საფუძვლიანი ვარაუდიც გვქონდა, რომ ასე მოხდებოდა, რადგან როგორც ვიცით და არც საოკუპაციო რეჟიმისთვის არ იყო დამალული, მამუკა გახლავთ ყოფილი სამხედრო და ყოფილ სამხედროებს როგორ ექცევიან, ეს ძალიან კარგად ვიცით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სასწრაფო, ძალიან ინტენსიური მოქმედებაა საჭირო და არა ისეთი, როგორსაც ამ ეტაპისთვის ხელისუფლება ახორციელებს.

რაც შეეხება აქციებს, ჩვენ ოჯახს ვესაუბრეთ და მათთან შეთანხმებით დავგეგმავთ აქციებს მას შემდეგ, რაც ოჯახი ამის მზაობას გამოთქვამს. მანამდე ჩვენი აქტიურობით შევეცდებით კიდევ უფრო გავააქტიუროთ და ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ რაღაც ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ვადა მიცემულია ხვალ საღამომდე, რომ გარკვეული ინფორმაცია უთხრან ოჯახს. ასე რომ, ხვალ საღამომდე ჩვენ აქციებისგან თავს ვიკავებთ”, – აცხადებს ქაცარავა.

მისი თქმით, ჩხიკვაძე 11 დეკემბერს გაუჩინარდა, ოთხი დღის განმავლობაში კი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაკავებულის ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია დღევანდელ დღემდე არ ჰქონიათ. ქაცარავას თქმით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ჩხიკვაძის ოჯახის წევრებს დღეს შეხვდნენ, თუმცა კონკრეტული ინფორმაციები მის შესახებ არ მიუწოდებიათ.

“ახალი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, უბრალოდ, შეეცადნენ დაემშვიდებინათ და დაეწყნარებინათ ოჯახი, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, და სთხოვეს, რომ თავი შეეკავებინათ გარკვეული აქტივობებისგან”, – განმარტა ქაცარავამ.

ამასთან, ქაცარავას განცხადებით, მამუკა ჩხიკვაძის ოჯახის წევრებმა “წითელ ჯვარს” მიმართეს, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩხიკვაძე ცხინვალის ციხეში მოინახულონ. ასევე, მისი თქმით, გაფორმდა რწმუნებულება იურისტზე, რომელიც ხვალ სტრასბურგის სასამართლოში გააგზავნის განცხადებას:

“ამ საქმის განხილვა მოხდება სასწრაფო რეჟიმში, რადგან ეს სიკვდილ-სიცოცხლეს უკავშირდება”, – განმარტა ქაცარავამ.

“ნეტგაზეთი” აღნიშნული ინფორმაციების გადამოწმებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეეცადა. სუს-ის პრესსამსახურის ცნობით, ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის თანახმად, მამუკა ჩხიკვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და “ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია”.

რაც შეეხება სახელმწიფოს რეაგირებას, სუს-ში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ყველა ბერკეტი, გააქტიურებულია “ცხელი ხაზი”, ადგილზე ჩასული არიან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და “ჩართულია ყველა პარტნიორი, ვისი ჩართვაც შეიძლება ამ მიმართულებით”.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უწყების შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებს ჩხიკვაძის დაკავების დღიდან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ მის ოჯახის წევრებთან, როგორც სატელეფონო, ასევე პირადი.

“ცხელი ხაზის” გააქტიურებას ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია:

“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზთან საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია და კვლავ აქტიურად გამოიყენება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი”, – აცხადებს სადამკვირვებლო მისია.

ფოტოზე: მამუკა ჩხიკვაძე/პირადი ფეისბუკგვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი