რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის და ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ სვერის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს და ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მოქალაქე ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, — წერს სუსი.