ახალი ამბები

ქვეყანა, რომელიც არაა გაერთიანებული შიგნით, ვერ ისაუბრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გაერთიანებაზე – ზურაბიშვილი

16 დეკემბერი, 2021 •
ქვეყანა, რომელიც არაა გაერთიანებული შიგნით, ვერ ისაუბრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გაერთიანებაზე – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება რეალური გეგმა, თუ როგორ უნდა დაძლიოს ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი პრეზიდენტი საქართველოს შიგნით მიმდინარე მოვლენებს ასახელებს.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა, რომელიც არ არის გაერთიანებული შიგნით, ვერ ისაუბრებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გაერთიანებაზე. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ:

“ოკუპაცია, რომელზედაც პრაქტიკულად აღარ ვსაუბრობთ, დროდადრო ვამბობთ, რომ მიუღებელია ის, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, მაგრამ რეალურად გეგმა იმის, თუ როგორ დავძლიოთ, არ არსებობს რეალური გეგმა, სამოქმედო გეგმა. ვერც იქნება, იმიტომ, რომ ქვეყანა, რომელიც არ არის გაერთიანებული შიგნით, ვერ ისაუბრებს თავის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გაერთიანებაზე. ეს არის ანა-ბანა. ჩვენც ყველამ კარგად ვიცით, რომ პირველი უნდა იყოს მაგალითი ძლიერი ქვეყნის, გაერთიანებული ქვეყნის, ქვეყნის, რომელმაც იცის, საით მიდის, რა არის მისი პერსპექტივა, იმისთვის, რომ ეს პერსპექტივა, ეს ერთიანობა დავანახოთ ჩვენ აფხაზებს და ოსებს და იმათ ვაჩვენოთ, რომ ეს არის ნამდვილი გზა, რომელიც მათაც მიიყვანთ წინ და მათაც მისცემთ პერსპექტივას”, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღეს, 16 დეკემბერს ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ, როგორც ოპოზიციის, ასევე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.

“დროა, გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე გადავიდეთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.

დროა გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე გადავიდეთ – ზურაბიშვილი

ვინ (არ) მივა პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი