ახალი ამბები

ვინ (არ) მივა პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე

16 დეკემბერი, 2021 • 1455
ვინ (არ) მივა პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე

ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე მისვლას არ აპირებს.  საახალწლო წვეულება დღეს, 16 დეკემბერს, უნდა გაიმართოს და პრეზიდენტის მოსაწვევი მიუვიდათ როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის წევრებს.

წვეულებაზე არ მივლენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.  პარტიაში აცხადებენ, რომ საახალწლო მიღება ის ფორმატი არაა, სადაც ისინი მივლენ და  როცა უფრო საქმიანი ფორმატი და რეჟიმი იქნება, ასეთ შეხვედრებს მაშინ შეუერთდებიან.

„ეს არის საახალწლო ტიპის მიღება. მადლობა მოპატიჟებისთვის, მაგრამ ჩვენ ამ ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ფორმატის გამო პრეზიდენთან არ მივა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარიაც. მისი თქმით, პრეზიდენტის ჟესტი დასაფასებელი და გასეგებია, თუმცა დღეს ქვეყანაში ის რეალობა არაა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან „შამპანურის მიჭახუნება“ შეძლონ.

“შეუძლებელია ეს შევძლო დაჭერების ფონზე. დღეს თან მთელი დღე სასამართლოა და აქედან რომ იქ წავიდე, უბრალოდ არ შემიძლია. ასევე, პრაგმატულად არასწორი მგონია, პოლარიზაციის დაძლევის პროცესი ამ ფორმით მივიღოთ. ეს ჩემთვის თამაში გამოვა. და არასწორ პროცესში შესვლა, იმიტაცია „ნორმალურობის“ და არა ნორმალური სიტუაცია, რეალურად.

არ მინდა, ეს იყოს აღქმული, როგორც თავად პროცესზე უარის თქმა. პირიქით, ძალიან ველოდები პრეზიდენტის მოსაზრებებს პროცესის შინაარსზე და ამ თემაზე საქმიანად სალაპარაკოდ ნებისმიერ ფორმატში შეხვედრაზე მივალ. ასევე, არ ვაპირებ, თავს დავესხა იმათ, ვინც ოპოზიციიდან წავა. დარწმუნებული ვარ, საზეიმოდ არ მიდიან და სწორი ჰგონიათ ასე“,- დაწერა სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიამ.

ორბელიანების სასახლეში არ მივლენ “ევროპული საქართველოსა” და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები.

პრეზიდენტის საახალწლო წვეულებაზე ვერ მივლენ „ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ვინაიდან დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მათი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

თუმცა, როგორც ნეტგაზეთს პარტიაში უთხრეს, პრეზიდენტთან „ლელოს“ წევრები, ფიქრია ჩიხრაძე და ანა ნაცვლიშვილი მივლენ. მათივე ცნობით, „ლელოს“ ფრაქციიდან პრეზიდენტის წვეულებაზე მივა სალომე სამადაშვილიც.

„მე შეხვედრაზე, პირველ რიგში, მოსასმენად მივდივარ. რა იქნება შემდგომ, ამას მომავალი გვიჩვენებს. ერთი რამ ცხადია, საქართველოს პრეზიდენტს ხელთ აქვს კონსტიტუციური ბერკეტები იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ქვეყანაში დეპოლარიზაციას. მეორე მხრივ, ცხადია, ამ პროცესში წინაპირობებით შესვლას შედეგი ვერ ექნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან სალომე სამადაშვილმა.

პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე მივლენ, პარტია „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩის“ და „მოქალაქეების“ წევრებიც. ორბელიანების სასახლეში მივა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბაქრაძეც.

„აუცილებლად მივალ შეხვედრაზე იმიტომ, რომ ჩემი მიზანია ვიცოდე, რა დგას პრეზიდენტის განცხადების უკან, როდესაც ქალბატონი ზურაბიშვილი საუბრობს ქვეყანაში შერიგებაზე და ეროვნულ თანხმობაზე“, – განაცხადა ბაქრაძემ.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, პრეზიდენტის მიღებაზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მივა. იმ პარტიებს კი, რომლებიც წვეულებაზე არ მიდიან, მმართველ გუნდში აკრიტიკებენ. როგორც „ოცნების“ წევრმა  შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარით დაადასტურა, რომ პატივს არ სცემს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ხოლო შერიგებაზე მათი განცხადებები „ფარისევლობაა“.


10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ წამოიწყებს “ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი