საზოგადოება

დროა გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე გადავიდეთ – ზურაბიშვილი

16 დეკემბერი, 2021 • 1126
დროა გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე გადავიდეთ – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განაცხადებით, დადგა დრო, საქართველო “ახალგაზრდული ჯახიდან” გამოვიდეს და “უფრო დამწიფებულ, ახალ პოლიტიკაზე” გადავიდეს. ამის შესახებ მან ორბელიანის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც პრეზიდენტთან ერთად ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” წევრები ესწრებიან.

„ბევრი კითხვა დაისვა ამ მიღების შესახებ და მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა ამ თემაზე. ასეთი ტიპის მიღება ნებისმიერი პრეზიდენტისთვის ჩვეულებრივია… ეს არ არის რაღაც არაჩვეულებრივი, ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი.

ასევე არ დავმალავ, რომ ამას აქვს თავისი მიზანი, რომელიც არის ცოტა ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა. ჩვენ ვართ განწყობის ხალხი და მნიშვნელოვანია შეიცვალოს რაღაც ოდენობით მაინც, ის განწყობა, რომელიც აწვება ქვეყანას.

ამით არაფერი ისეთი ახალი ჯერ არ შემოვა, მაგრამ ეს არის პირველი ერთი ნაბიჯი, თუნდაც ერთად დგომა, პოზიტივი არის და პოზიტივად იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მიერ, რომელიც ძალიან მძიმედ განიცდის გაუთავებელ პოლარიზაციას, დაძაბულობას, რომელმაც რეალურად ჩაძირა და გააჩერა ჩვენი ქვეყანა. პრაქტიკულად არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტაც შეგვიძლია დღეს ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე. ამდენად, მგონია, რომ ამ პროცესის დაწყება არის დროული.

ეს დროულია, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ 30 წელი გავიდა, ჩვენი სახელმწიფო არის 30 წლის, ზრდასრული სახელმწიფო და დროა ჩვენ გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ, ახალ პოლიტიკაზე. მართალია, ძალიან ბევრი მოვლენა იყო და გავიარეთ ძალიან რთული პროცესები, სადაც სულ იყო დაპირისპირება, ორი ბანაკი,, თუ არა მეტი, და სამოქალაქო დაპირისპირება. ეს არის ის, რაც გავიარეთ, რაც ვიცით და, მგონი, არავის სურს, რომ დავინახოთ გამეორებული ამ ქვეყანაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პოლიტიკური პოლარიზაციით საზოგადოებაც გადაღლილია და ეს “გაუსაძლისია”. ხოლო ამას ემატება კოვიდი, სოციალური და ეკონომიკური პირობებიც, საბოლოოდ ქვეყანაში არავითარი პერსპექტივა არაა, “საით უნდა წავიდეთ, რომ ეს დამშვიდდეს და ჩვენ მივხედოთ მთავარ საკითხებს, რომელიც ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარია”.

ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ტოვებენ ახალგაზრდები, რადგან არავის უნდა “სიძულვილის და ბოღმის” ქვეყანაში ცხოვრება.

“ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მეც ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ არსებული შანსები არ უნდა დაკარგოს, მათ შორის ევროინტეგრაციის, რეგიონში “ჩვენი როლის დაბრუნების”, ახალ მსოფლიოში საკუთარი ფუნქციის მოპოვება:

“ამ ყველაფერზე თუ ერთად არ ვიფიქრეთ, ცალ-ცალკე არა, მე ვიცი და შენ ისა ხარ და შენ ესა ხარ, მგონი, რომ ვერსად წავალთ”, – მიმართა პრეზიდენტმა პოლიტიკოსებს.

ზურაბიშვილის განცხადებით, ის თავს ვალდებულად თვლის, რომ დაიწყოს ურთიერთობების დალაგების პროცესი, რისთვისაც მომავალი სამწლიანი ვადის გამოყენებას გეგმავს.

“თქვენ ყველას ჩართვა ამ პროცესში აუცილებელია. აქ ყველა არ იმყოფება დღეს, ეს გასაგებია ჩემთვის, რადგან არ შეიძლება პირველივე მოწვევაზე ყველა მოვიდეს. ეს ჩვეულებრივი ფორმაა, მიწვევაზე ვიღაცას შეუძლია [მისვლა], ვიღაცას არ შეუძლია. არ ვთვლი, რომ ეს ან შეურაცხყოფაა, ან უხერხულობა. იქნება ბევრი სხვა საშუალება იმისთვის, რომ აუცილებელი საუბრები დავიწყოთ”, – განმარტა ზურაბიშვილმა.

მისი განცხადებით, წინასწარ ჩამოყალიბებული გეგმა არ აქვს, რომელშიც ცვლილებები შევა, თუმცა ზურაბიშვილის თქმით, ეს პროცესი რამდენიმე ძირითად პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს. მათ შორის, ინკლუზიურობას და გამჭვირვალობას:

“დაიწყება კონსულტაციებით ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დონეზე, ყველა სფეროს მონაწილეობით. ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან ვრცელი კომუნიკაციის ფონზე, რათა საზოგადოების ნაწილი, რომელიც რომელიმე მომენტში არ იქნება ჩართული რომელიმე ჯგუფის შეხვედრაზე, შედეგების და კონსულტაციების შინაარსის გაცნობა შეძლოს.

ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე სახის წინაპირობა. მე სხვადასხვა მხრიდან მესმის წინაპირობები, რაც ახალ პოლარიზაციასა და დაპირისპირებას წარმოშობს. რაც ნიშნავს, რომ პროცესი ჩიხში შევა. არაფერია გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი პროცესში მოსაგვარებელი, მოსალაპარაკებელი და გასაანალიზებელია”, – თქვა ზურაბიშვილმა.

მისი განცხადებით, წინაპირობა ვერ იქნება თავად შერიგებაც, რადგან “შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი”.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ “ეროვნული თანხმობის პროცესი” საქართველოს შიგნიდან უნდა იმართოს, რადგან როგორც არ უნდა ეცადონ საერთაშორისო პარტნიორები, მათ “არ აქვთ ამ პროცესების ის გაგება შიგნიდან, რომ მართონ ასეთი მძიმე, ძლიერი პროცესი” და ეს უნდა იყოს “ქართული პროცესი”. ზურაბიშვილის თქმით, ეს პროცესები არ იქნება “ორდღიანი”.

“ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. ცხადია, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ და არსებობს ბევრი მაგალითები, რომელიც სხვადასხვა ევროპულ და არაევროპულ ქვეყანაში გამოიყენეს, ეს არის მხოლოდ მაგალითები, საიდანაც მხოლოდ შედარებითი ანალიზების გამოტანა შეიძლება, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ ეს პროცესი ჩვენს სპეციფიკაზე და ეს უნდა იყოს “ქართული პროცესი”. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა იყოს რაღაც ფორმით გამოხატული. მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტია, რა ფორმატზე გადავალთ, როცა ჩავთვლით, რომ პირველი გარკვევის ეტაპი დასრულდა. ეს იქნება საკანონმდებლო დონეზე ახალი კანონმდებლობის მიღება, იქნება კომისიის დადგენა, რომელიც უფრო დეტალურ განხილვას შეუდგება, იქნება საზოგადოებრივი ქარტია თუ სახალხო კრება, ან სხვა ფორმატი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის საახალწლო მიღება მიმდინარეობს.

საახალწლო წვეულებას ესწრებიან „ქართული ოცნების“ ლიდერები, ასევე, პარტიის „საქართველოსთვის“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩის“, „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები.

ორბელიანების სასახლეში იმყოფება: ეკა ბესელია, ანა დოლიძე, ნინო ბურჯანაძე, თამარ კორძაია, ნიკა მაჭუტაძე, კახა ოქრიაშვილი და დავით ბაქრაძეც.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში „ნაციონალური მოძრაობა“ და ელენე ხოშტარიაც მიიწვია, ფორმატის გამო საახალწლო მიღებაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი