ახალი ამბები

გაურკვევლობა ჩხოროწყუს საკრებულოში – თავმჯდომარე ვერც დღეს აირჩიეს

16 დეკემბერი, 2021 • 1189
გაურკვევლობა ჩხოროწყუს საკრებულოში – თავმჯდომარე ვერც დღეს აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოს უხუცესმა წევრმა სხდომა დახურულად გამოაცხადა, რასაც ოპოზიციაში აპროტესტებენ.

რა მოხდა

ჩხოროწყუს საკრებულოში რამდენიმე საათის წინ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად წარადგინეს „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ჯუმბერ იზორია.

თუმცა მას შემდეგ, რაც კენჭისყრაში მან ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შესვენების შემდეგ თავიანთ კანდიდატურას, მაჟორიტარ დეპუტატ შოთა წურწუმიას წარადგენდნენ.

თუმცა დაახლოებით 15:30 საათისთვის „ქართული ოცნების“ უხუცესმა წევრმა საკრებულოში განაცხადა, რომ კვორუმი – ანუ 14 წევრი, – არ დგება და სხდომა დახურულად გამოაცხადა.

უხუცესი წევრის, გული ბაძაღუას განცხადებით, სხდომაზე არ შემოდიოდა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ესწრებოდა მხოლოდ გიორგი გახარიას პარტია.

ბრალდებები

უხუცესი წევრის მიერ სხდომის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წევრმა, ჯანო პერტაიამ განაცხადა:

„გამოცხადებული იყო შესვენება, ამის შემდეგ … 14 წევრი არ მოგროვდა, აქედან გამომდინარე, გაურკვეველი ვადით გადაიდო საკრებულოს სხდომა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ ისინი იქვე იმყოფებოდნენ, თუმცა არავის გაუფრთხილებია, რომ სხდომა გრძელდებოდა, რადგან „ოცნებას“ სხდომის ჩაშლა სურდა.

„შესვენების გამოცხადების შემდეგ, პროცედურულად, საკრებულოს აპარატს 5 წუთით ადრე უნდა გავეფრთხილებინებით, რომ სხდომა იწყებოდა. მაგრამ არავინ გაგვაფრთხილა და ამის გამო კვორუმი ვერ შედგა“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ ოთო შენგელიამ, საკრებულოში ენმ-ის წევრმა.

„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, როგორ განვაახლოთ საკრებულოს სხდომა“, – განუცხადა ჟურნალისტებს რამაზ გულუამ, ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ჩხოროწყუში.

„გაუგებარია, როგორ დაიბნა გახარიას გუნდი“, – თქვა მან.

ენმ-ში ამბობენ, რომ კენჭისყრის გამართვის შემთხვევაში გახარიას პარტიის კანდიდატს, შოთა წურწუმიას დაუჭერდნენ მხარს.

ჯანო პერტაია ამბობს, რომ „საკმაო დრო იყო იმისთვის, რომ ენმ-ის წევრები გამოცხადებულიყვნენ და სხდომა გაგრძელებულიყო“.

„რამდენიმე საათი ლოდინის რეჟიმში გაგრძელდა, აქედან გამომდინარე, უნდა დასრულებულიყო ეს პროცესი. ფაქტი სახეზეა, კვორუმი არ შედგა“, – განაცხადა მან.


ერთი კვირის წინ, 9 დეკემბრის სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები „ქართულმა ოცნებამ“ და გახარიას პარტიამ წარადგინეს.

„ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა ჯუმბერ იზორია, პოლიციის ყოფილი უფროსი და ყოფილი პარლამენტარი, გახარიას პარტიამ კი – შოთა წურწუმია, მაჟორიტარი დეპუტატი.

„ოცნების“ კანდიდატმა წინა კენჭისყრაზეც მიიღო პარტიის 13 ხმა, თუმცა უცნობი იყო, „ოცნების“ გარდა, სხვა რომელი პარტიიდან მიიღო ხმა. გახარიას პარტია ენმ-ს ადანაშაულებდა „ქართულ ოცნებასთან“ „კოლაბორაციაში“.

16 დეკემბერს კენჭისყრაში, სადაც „ოცნების“ კანდიდატ ჯუმბერ იზორიას ეყრებოდა კენჭი, მონაწილეობა 19-მა დეპუტატმა მიიღო, – მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“ და გიორგი გახარიას პარტიიდან.

იზორიას ხმა 12-მა დეპუტატმა მისცა, 7 ბიულეტენი გაბათილდა.

შესაბამისად, კვლავ უცნობია, „ოცნების“ დეპუტატების გარდა, თუ ვინ მისცა ხმა გასულ კვირას იზორიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი