ახალი ამბები

ომიკრონი ბრონქებში დელტაზე 70-ჯერ სწრაფად ვრცელდება – კვლევა

16 დეკემბერი, 2021 •
ომიკრონი ბრონქებში დელტაზე 70-ჯერ სწრაფად ვრცელდება – კვლევა

კორონავირუსის ახალი ვარიანტი ომიკრონი, ამჟამად დომინანტ დელტა შტამთან შედარებით, ბრონქების ქსოვილში 70-ჯერ სწრაფად მრავლდება. ამის შესასხებ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ახალ ლაბორატორიულ კვლევაშია საუბარი.

ექსპერტების თქმით, შესაძლოა ამით აიხსნას, თუ რატომაა ვირუსის ამ შტამისთვის გავრცელების ასეთი სწრაფი მაჩვენებელი დამახასიათებელი. ამავე კვლევის მიხედვით, ჰონგ კონგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ვირუსი 10-ჯერ უფრო ნელა ვრცელდება ფილტვის ქსოვილში, რაც შესაძლოა იმის ინდიკატორი იყოს, რომ ომიკრონისთვის დაავადების უფრო მსუბუქი მიმდინარეობაა დამახასიათებელი.

კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მაიკლ ჩან ჩი-უაი აცხადებს, რომ შედეგების ინტერპრეტირება სიფრთხილით უნდა მოხდეს, რადგანაც დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე არა მხოლოდ იმით ფასდება, თუ რამდენად სწრაფად მრავლდება ვირუსი, არამედ თუ როგორია ორგანიზმის იმუნური პასუხი. მკვლევარი აღნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ასევე გადაჭარბებული იმუნური პასუხის საშიშროებაც, რომელიც ე.წ. ციტოკინურ შტორმს იწვევს:

„აღსანიშნავია, რომ ბევრი ადამიანის ინფიცირებით ძალიან გადამდებმა ვირუსმა შესაძლოა გამოიწვიოს მეტი მძიმე დაავადების განვითარება და მეტი გარდაცვალება, მიუხედავად იმისა, რომ თავად ვირუსი შესაძლოა ნაკლებად პათოგენური იყოს. მით უმეტეს, როცა ჩვენი ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ამ შტამს შეუძლია გაექცეს როგორც ვაქცინაციის შედეგად ჩამოყალიბებულ, ასევე ინფექციის გადატანის შედეგად ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს. ამრიგად, საფრთხე, რომელიც ომიკრონს ახლავს, მოსალოდნელი და მნიშვნელოვანია” ,- აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ლუიზიანას უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის ასოცირებული პროფესორი ჯერემი კამილი აღნიშნავს, რომ დელტა შტამი, რომელიც წინამორბედზე მეტად პათოგენური აღმოჩნდა, თავდაპირველად ფილტვებში გავრცელების ნელ ტემპს აჩვენებდა.

მისი თქმით, ბრონქებში გამრავლების ასეთი სწრაფი ტემპი ვირუსის ამ შტამს განსაკუთრებით გადამდებს გახდის და შესაძლოა ის ვაქცინირებულ პირებსაც შეეყაროთ, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ე.წ. ბუსტერი არ გაუკეთებია.

აღნიშნული კვლევა ჯერჯერობით ონლაინ გამოქვეყნდა და მის შედეგებს მეცნიერული რევიზია არ გაუვლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი