ახალი ამბები

საქართველოში ომიკრონის BA.2 ვარიანტი დომინირებს – გამყრელიძე

22 თებერვალი, 2022 • 1138
საქართველოში ომიკრონის BA.2 ვარიანტი დომინირებს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC-ის) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში დომინირებს კორონავირუსის ომიკრონის შტამის BA.2 ვარიანტი.

ამირან გამყრელიძის თანახმად, BA.2 შტამი, სხვადასხვა კვლევის თანახმად, უფრო სწრაფად ვრცელდება.

„[საქართველოში] BA.1 შტამს უკვე ბევრად აჯობა BA.2-მა შტამმა. პირველ ეტაპზე თითქოს ამ ქვეშტამების ვირულენტობაში დიდი განსხვავება არ იყო, მაგრამ ბოლო კვლევებით, – განსაკუთრებით იაპონური კვლევით, -BA.2 შტამი ოდნავ უფრო აგრესიულია“, – განაცხადა მან.

NCDC-ს ხელმძღვანელმა ასევე მოიყვანა დანიის მაგალითი, სადაც BA2 პრევალირებს, რომელიც, მისი თქმით, „უჩვენებს, რომ მათ ოდნავ გაეზარდათ სიკვდილიანობის მაჩვენებელიც“.

რას ეფუძნება ეს მონაცემები?

ამირან გამყრელიძის თანახმად, საქართველოში ამ შტამის გავრცელების შესახებ ინფორმაცია მიღებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე 2 კვირის განმავლობაში სენტინელური დაკვირვების მეთოდით მიმდინარე კვლევით, რომელიც პირველი 150 პაციენტის ანალიზს ეფუძნება.

„კვირაში ორჯერ ყველა შესული პაციენტისგან ვიღებთ ნიმუშებს, ვიკვლევთ მათ სხვადასხვა შტამზე, თავისი შტამსპეციფიკური პისიარით და სეკვენირებით და ამ პაციენტებს ვაკვირდებით… ამასთან, პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით საინტერესო შტამებს ვიკვლევთ“, – თქვა გამყრელიძემ.

„დღევანდელ ანგარიშში გვაქვს ასეთი ფრაზა, რომ „დღევანდელი მონაცემებით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონი ქვეყანაში, 95%, კერძოდ კი, მისი შტამი BA.2 75%-მდე“. ანუ BA.2 დომინანტია დღეს ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„ომიკრონის მეორე პიკი“?

ჟურნალისტების კითხვაზე, იმის ფონზე, რომ „ყველა ქვეყანაში BA.2-ის გავრცელებამ ხელახალი პიკი გამოიწვია“, ელის თუ არა საქართველოშიც იგივე სურათს, გამყრელიძემ უპასუხა:

„ვნახოთ. კი, გეთანხმებით, რომ მრავალმა ქვეყანამ ეს ორპიკიანი მრუდი გაიარა. ჯერ ჩვენთან მეორე არ ჩანს. თუ ავიცრებით, პირბადეს ვატარებთ და პირბადის ტარების მაჩვენებელი ამჟამინდელ 60%-ზე დაბლა არ ჩამოვა, იმედია, რომ იქნებ მეორე პიკი არ გვქონდეს“.

ამირან გამყრელიძის თანახმად, „ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ და უნდა ვეცადოთ, ეს იყოს სწორხაზოვანი ქვესვლა“. ამჟამინდელი პროგნოზით კი, ივნისისთვის ყოველდღიური შემთხვევები 1000-ს უნდა ჩამოსცდეს.

„სიკვდილიანობა შემცირებულია“

NCDC-ს ხელმძღვანელის განცხადებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში სიკვდილიანობა „პროცენტულად სერიოზულად შემცირებულია“:

„იანვარში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.4% გვაქვს შემთხვევების რაოდენობიდან გამომდინარე და თებერვალში გვაქვს 0.2%“.

გამყრელიძის თქმით, ყოველი გარდაცვალება ტრაგედიაა და „სასურველია, ეს არ იყოს ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში“, თუმცა, გასული წლის აგვისტო-სექტემბერთან შედარებით, ეს მაჩვენებელი დაბალია.

„რომ შევადაროთ, აგვისტოში 1.2% გვქონდა, სექტემბერში – 2.4%, დეკემბერში კი 2% გვქონდა. რაც ომიკრონმა დაიწყო ცირკულაცია, შეფარდებითი მაჩვენებელი შემცირებუოლია“.

მისი განმარტებით, ეს იმის ნიშანია, რომ „ომიკრონი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე კლასიკური ვუჰანის შტამი, დელტა თუ ალფა“.


ომიკრონის ვარიანტი BA.2 არა მხოლოდ უფრო გადამდები ვარიანტია, არამედ მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს უფრო მძიმე ავადობა და, როგორც ჩანს, შეუძლია თავი აარიდოს იმ ძირითად იარაღს, რომელიც ამ დროისთვის მედიცინას Covid19-ის წინააღმდეგ აქვს ,– წერს ახალი კვლევის შესახებ CNN.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი