ახალი ამბები

ღარიბაშვილის თქმით, ომიკრონთან გადადების ნაწილში ვაქცინა არ მუშაობს

14 თებერვალი, 2022 • 1432
ღარიბაშვილის თქმით, ომიკრონთან გადადების ნაწილში ვაქცინა არ მუშაობს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მწვანე პასპორტების“ გაუქმებას იმ ფაქტით ხსნის, რომ ვაქცინა არ იცავს კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებისგან. თუმცა, მისივე თქმით, მას ვაქცინა დაეხმარა, რომ ვირუსი უფრო მსუბუქად გადაეტანა.

„დაიწყეს არაარგუმენტირებული სპეკულირება, თუ რატომ გავაუქმეთ ე.წ. მწვანე პასპორტები. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილებაც და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. რატომ? — აზრი დაკარგა აღნიშნული მწვანე ბარათების გამოყენებამ… თავდაპირველად ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ვაქცინაციის წახალისება. „დელტა“ შტამის შემთხვევაში და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ შემთხვევაში — ძალიან ბევრ შემთხვევა კი არა, ალბათ, უმეტესობა — ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივად ემართება „ომიკრონი“, — განაცხადა პრემიერმა და მაგალითად მოიყვანა საკუთარი თავი.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გასულ წერს ჰქონდა სხვა შტამი, ორჯერ იყო აცრილი “ფაიზერის” ვაქცინით, მაგრამ მაინც დაემართა “ომიკრონი”.

„თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აბსოლუტურ შემთხვევებში ეს ვირუსი. მე მქონია არაერთი ვირუსი და 4-ჯერ და 5-ჯერ უფრო რთულად გადამიტანია. ამიტომ მიდგომა შეიცვალა იმიტომ, რომ აზრი დაკარგა ამ მწვანე ბარათის გამოყენებამ“, — განაცხადა პრემიერმა.

მეორე მხრივ, ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ გააგრძელა ვაქცინაციის წახალისების კამპანია.

„ჩვენი ამოცანა უნდა იყოს 50 წლის ზემოთ ადამიანების აცრა მაინც, პრევენციის მიზნით. განსაკუთრებით, ვინც ასაკშია და ვისაც ქრონიკული თანმდევი დაავადებები აქვს, რომ არ გაურთულდეთ მაინც ეს ვირუსი. სხვა დანარჩენი სრული კონტროლის ქვეშ არის. ევროპის ქვეყნებმა, ამერიკამ, ყველამ გახსნეს და არავინ ფიქრობს შეზღუდვებზე“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ვაქცინაციის წახალისების კამპანია უნდა გაფართოვდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია და გადატანილი ვირუსი ნაკლებად იცავს „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებისგან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ვაქცინაცია უზრუნველყოფს მნიშვნელოვან დაცვას „ომიკრონის“ მიერ გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან, ისევე როგორც ეს ჯერ კიდევ მიმოქცევაში მყოფი სხვა ვარიანტების შემთხვევაში ხდება.

„ამ დრომდე, ომიკრონით ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი დიდწილად იმის დამსახურებაა, რომ ჩვენს რეგიონში ამდენი ადამიანი უკვე ვაქცინირებულია. ვაქცინაცია იწვევს ორგანიზმის იმუნურ პასუხს ვირუსზე, რომელიც არა მხოლოდ გვიცავს ამჟამად მიმოქცევაში არსებული ვარიანტებისგან, მათ შორის ომიკრონისგან, არამედ, სავარაუდოდ, იცავს მძიმე დაავადებისგან კოვიდ 19-ის მომავალი მუტაციების გათვალისწინებით“, — აცხადებს ჯანმო.

საქართველოში ამ დროისთვის სრულად აცრილია 1 233 566 მოქალაქე. ქვეყანას სამიზნე მაჩვენებლად განსაზღვრული ჰქონდა გასული წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა, რაც ვერ შესრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი