საზოგადოება

იყო თუ არა 26 000 შემთხვევა პიკი? – ომიკრონის ტალღის 3 სცენარი საქართველოში

8 თებერვალი, 2022 •
იყო თუ არა 26 000 შემთხვევა პიკი? – ომიკრონის ტალღის 3 სცენარი საქართველოში

ექსპერტები საქართველოში კორონავირუსის მე-6 ტალღის განვითარების სამ სცენარზე საუბრობენ. ერთ-ერთი, ყველაზე დამაიმედებელი სიმულაციის მიხედვით, ქვეყანამ ომიკრონით დღიური ინფიცირების პიკურ მაჩვენებელს უკვე მიაღწია და მომდევნო დღეებში შემთხვევების შემცირება გაგრძელდება. თუმცა ევროპის გამოცდილება ნაკლებად პოზიტიური სცენარების განვითარებასაც არ გამორიცხავს.

როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე „ნეტგზეთთან“ საუბარში აღნიშნავს, საქართველოში ომიკრონის შტამი ევროპის ქვეყნებთან შედარებით გვიან დაფიქსირდა და შედარების საფუძველსაც სწორედ ეს ინტერვალი იძლევა:

„ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები გამომდინარე იმ გამოცდილებიდან, რაც დაგროვდა ძირითადად ევროპის ქვეყნებში. საქართველოში ომიკრონის მუტაციის პირველი შემთხვევა 2021 წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში დეკემბრის პირველი რიცხვებიდანვე იყო.

ამიტომ, ეს ინტერვალი საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გვაძლევს შესაძლებლობას, განვიხილოთ მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარი. პირველი, რაც მნიშვნელოვანია და აუცილებლად გასათვალისწინებელია, ომიკრონი ყველა ქვეყანაში გვაძლევს ინფიცირების რეკორდულ მაჩვენებლებს. არაა მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, რომელთა სტატისტიკურმა მონაცემებმაც არ დააფიქსირა რეკორდული ზრდა ადრინდელ პიკთან შედარებით“, – ამბობს ივანე ჩხაიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

მისი თქმით, პროგნოზირებას ის ართულებს, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ომიკრონით გამოწვეული ინფიცირების ზრდა სხვადასხვაგვარად წარიმართა. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გამოყოფს დანიას, სადაც ომიკრონით გამოწვეული ტალღის დროს შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა ამ შტამის დაფიქსირებამდე ერთი წლის განმავლობაში ინფიცირებულთა მაქსიმალურ რაოდენობაზე 10-ჯერ მეტი იყო, მაშინ, როცა გერმანიაში ეს მაჩვენებელი 8-ჯერ, საფრანგეთში კი 6-ჯერ გაიზარდა:

„მკვეთრი ზრდა განსხვავებულია. მაგალითად, გამოირჩევა ამ მხრივ დანია, სადაც შემთხვევათა რაოდენობა ათჯერ მეტი იყო, ვიდრე ადრე. თუ დანიაში ომიკრონის შესვლამდე ერთი წლის განმავლობაში ინფიცირებულთა მაქსიმალური რაოდენობა 4 000 – 4 500 იყო, ომიკრონის შემდეგ ეს რიცხვი 52 000 გახდა. ანუ, 10-ჯერ და მეტად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა.

გერმანიაში ადრე თუ 31 000 იყო, ომიკრონის ფონზე 240 000-ია, 8-ჯერ მოიმატა. საფრანგეთში 83 000 – ომიკრონის დროს 500 000 გახდა, 6-ჯერ გაიზარდა. ეს არის ის რიცხვები, რომლებიც დღეისათვის მაქსიმალურ ზრდას აჩვენებენ. თუმცა, თუ შევაფასებთ საშუალო მატებას, შესაძლებელია, მოსალოდნელი საშუალო მატება საქართველოსთვის იყოს 5-ჯერ მეტი, ვიდრე ადრე იყო დაფიქსირებული“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

მისი თქმით, ადრე საქართველოსთვის მაქსიმალური დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 6 200 იყო. ჩხაიძის თქმით, ერთ-ერთი სავარაუდო სცენარით, საქართველოსთვის პიკური მაჩვენებელი ამ რიცხვზე 4-5 ჯერ მეტი იქნებოდა, რაც 24 000 – 30 000 შემთხვევაა ერთი დღის განმავლობაში. შესაბამისად, ამ სცენარის მიხედვით, ქვეყანამ პიკს 2 თებერვალს მიაღწია, როდესაც შემთხვევების რაოდენობამ 26 000 შეადგინა და მომდევნო დღეებში ამ მაჩვენებლის კლება უნდა გაგრძელდეს.

თუმცა, მეორე მხრივ, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია ეს მონაცემი პიკი სულაც არ იყოს და შემთხვევებმა ზრდა მომდევნო დღეებშიც განაგრძოს:

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მომდევნო დღეებზე, აქაც ვითვალისწინებთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებას სადაც ინფიცირების მატებიდან 4-6 კვირაში დაფიქსირდა პიკი. ჩვენთან ომიკრონით გამოწვეული ტალღა დაიწყო 3 იანვარს. შესაბამისად, 4-6-კვირიანი პერიოდი არის ან იანვრის ბოლო,, ან თებერვლის პირველი ნახევარი“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

მისი თქმით, პროგნოზირებას ისიც ართულებს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში 2-პიკიანი ტალღა აღინიშნა, რაც გულისხმობს იმას, რომ მატების შემდგომ შემთხვევებმა იკლო, შემდეგ კი ისევ გაიზარდა. ამ კუთხით ჩხაიძე ხაზს ომიკრონის მუტაციებზე ამახვილებს, რომელიც მსოფლიოში სულ 4-ია აღრიცხული, საქართველოში კი ორი დაფიქსირდა.

ომიკრონის შტამებთან დაკავშირებით დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად 75% შემთხვევებში დომინირებს ომიკრონის მეორე მუტაცია. ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ყველა ეს მუტაცია, პირვანდლისგან განსხვავებით, გავრცელების სისწრაფით ხასიათდება. შესაბამისად, მისი თქმით, ორპიკიანი სცენარის განვითარებაც შესაძლებელია:

„თუ გადავხედავთ სურათს, რაც ევროპის ქვეყნებში ხდება, სამი რამ შეიძლება იყოს პროგნოზირებული: 1) 26 000 იყოს პიკური მაჩვენებელი და დაიწყოს შემთხვევების რაოდენობის კლება; 2) ჯერ აღმავალ მრუდზე ვართ და შესაძლებელია მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში შემთხვევებმა მოიმატოს; 3) მომდევნო დღეების განმავლობაში შემთხვევები გააგრძელებს კლებას, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ისევ დაიწყება მატება“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

იმუნიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ამ სამიდან რომელი სცენარი განვითარდება საქართველოში, რთული სათქმელია, რადგანაც ევროპის ქვეყნებში, რომელთა გამოცდილებასაც ექსპერტები შეფასებისას  ეყრდნობიან, ვაქცინაციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში. ამასთან, მაღალია ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზების მაჩვენებელიც.

მეორე მხრივ, ჩხაიძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლისა, საქართველოში მაღალია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც კორონავირუსულ ინფექციაზე იმუნიტეტი დაავადების გადატანის შედეგად გამოუვლინდა. მისი თქმით, მილიონ მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით საქართველო ათეულშია. შესაბამისად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ამ თვალსაზრისით ევროპის ქვეყნები და საქართველო ერთსა და იმავე სასტარტო პოზიციაზე განვიხილოთ:

„ამიტომ ვფიქრობთ, რომ უფრო სასურველი სცენარი, ანუ 2 თებერვლის 26 000, არცთუ ისე შორს არის რეალობისგან, მაგრამ მაინც მინდა გავიმეორო, რთულია პროგნოზის გაკეთება კორონავირუსთან მიმართებით. პრაქტიკულად ჩვენი არცერთი მოლოდინი არ გამართლდა. არავინ ელოდა ასეთი რაოდენობის მუტაციებს, არავინ ელოდა ომიკრონს. მას არსაიდან გაჩენილ მუტაციას ეძახიან, არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ ვირუსოლოგებს, რომ ევარაუდათ ასეთი მუტაციის გამოჩენა.

პრაქტიკულად თავიდან დაიწყო პანდემია ინფიცირების რაოდენობის მიხედვით. საბედნიეროდ, ომიკრონი, დელტას მსგავსად, არ გახდა უფრო ვირულენტური ვარიანტი, არ გამოიწვია უფრო მძიმე მიმდინარეობა, თუმცა ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა მართლაც სახეზეა ყველა ქვეყანაში“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი