ახალი ამბები

რა უპასუხა ზურაბიშვილმა ლუკაშენკოზე დასმულ კითხვას

15 დეკემბერი, 2021 • 1058
რა უპასუხა ზურაბიშვილმა ლუკაშენკოზე დასმულ კითხვას

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე არსებულ პრობლემას.

ფრანგულ ტელევიზია “France24-თან” ინტერვიუში პრეზიდენტ ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ასეთი ფორმულირებით დაუსვა შეკითხვა:

„გვსურს დაგისვათ შეკითხვა სხვა კონფლიქტზე, რომელიც ევროპელებს ძალიან აწუხებთ, ეს ეხება კიდევ ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, ბელარუსს და ავტოკრატ ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომელსაც ადანაშაულებენ მიგრანტების მოზიდვაში. 7000 მიგრანტი მაინც იმყოფება ქვეყანაში, რათა მათ პოლონეთისკენ უბიძგონ. საბოლოოდ, მიგრანტები ჰიბრიდული ომის ახალი ინსტრუმენტი ხდებიან“?

სალომე ზურაბიშვილმა პასუხად განაცხადა:

„აბსოლუტურად. ეს სულაც არ არის ახალი, მაგრამ ეს არის ინსტრუმენტი, რომლის დამატებით მობილიზებაც ხდება. ყველაზე მწვავე კრიზისის დროს მე მქონდა საუბარი პრეზიდენტ დუდასთან, რათა ჩვენი სოლიდარობა გამოგვეხატა ამ ძალიან რთულ დროს“.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა „ამ საკითხს პასუხი უნდა გასცეს“.

პრეზიდენტის პრესცენტის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი 8 ნოემბერს ტელეფონით ესაუბრა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას.


პოლონეთისა და ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ პოლონეთმა რამდენიმე კვირის წინ 15 000 სამხედრო განალაგა, რათა ხელი შეეშალა ბელარუსიდან მომავალი უცხოელი მიგრანტების ქვეყანაში შესვლას.

ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და NATO ბელარუსის ხელისუფლებასა და პერსონალურად ალექსანდრე ლუკაშენკოს მიგრანტთა კრიზისის ხელოვნურად შექმნასა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ პრობლემების გამოწვევაში ადანაშაულებენ.

ნახეთ დეტალურად:

მასალების გადაბეჭდვის წესი