ახალი ამბები

რა ხდება პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

11 ნოემბერი, 2021 • 3387
რა ხდება პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

პოლონეთისა და ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ პოლონეთმა 15 000 სამხედრო განალაგა, რათა ხელი შეუშალოს ბელარუსიდან მომავალი უცხოელი მიგრანტების ქვეყანაში შესვლას.

ოფიციალურმა ვარშავამ საზღვრის გასწვრივ „ექსკლუზიური ზონის“ შექმნის შესახებაც განაცხადა, სადაც მედიის წარმომადგენლებსა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შესვლა შეეზღუდათ.

BBC-ის ცნობით, საზღვარზე ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა ბოლო კვირის განმავლობაში, როდესაც მიგრანტებმა პოლონეთის მიერ გავლებული მავთულხლართების დაზიანება და ქვეყანაში შეღწევა დაიწყეს.

ამ დროის განმავლობაში პოლონეთი და ბელარუსი ერთმანეთს ადანაშაულებენ მიგრანტების მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში.

ბრალდებები ლუკაშენკოს წინააღმდეგ

ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და NATO ბელარუსის ხელისუფლებასა და პერსონალურად ალექსანდრე ლუკაშენკოს მიგრანტთა კრიზისის ხელოვნურად შექმნასა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ პრობლემების გამოწვევაში ადანაშაულებენ.

ლუკაშენკო, რომლის მთავრობასაც დასავლეთის სანქციები დაუწესდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ გამართული აქციების წინააღმდეგ ძალის გადამეტების, პოლიტიკური ოპონენტების დევნის, სიტყვისა და გამოხატვის უფლების ხელყოფისა და სხვა არადემოკრატიული გადაწყვეტილებების გამო, უარყოფს, რომ იგი ხელს უწყობს ახლო აღმოსავლეთიდან და ცენტრალური აზიიდან მიგრანტთა ევროპაში შესვლას.

ევროკომისიის განცხადებით, ლუკაშენკოს რეჟიმი ყალბ დაპირებებს აძლევს დაახლოებით 20 ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ისინი მარტივად შეძლებენ ევროკავშირში შეღწევას. რეჟიმი ხელს უწყობს მიგრანტების მინსკში ჩასვლასა და შემდეგ ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებთან მისვლაში, რისთვისაც მარტივად გასცემს ტურისტულ ვიზებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰეიკო მაასის განცხადებით, ევროკავშირს ვერ დააშანტაჟებენ. მისი განცხადებით, გაერთიანება იმუშავებს, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ.

საიდან ჩადიან მიგრანტები ბელარუსში 

BBC-ის თანახმად, ბელარუსის დედაქალაქში მინსკში ფრენები ახლო აღმოსავლეთის დედაქალაქებიდან ხორციელდება, მათ შორის, სტამბოლი (თურქეთი), დუბაი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), დამასკო (სირია) და ბაღდადი (ერაყი). „ბელავია“, რომელიც ბელარუსული ავია-ომპანიაა, ფრენებს ასევე ახორციელებს ლიბანის დედაქალაქიდან – ბეირუთიდან.

ევროკავშირმა ერაყს აგვისტოში მოსთხოვა, რომ შეეწყვიტა ყველა ფრენა ბაღდადიდან ბელარუსის მიმართულებით, მაგრამ ამ ღონისძიებას მხოლოდ დროებითი ხასიათი ჰქონდა.

გერმანული DW-ს თანახმად, პოლონეთში გადასვლას ძირითადად სირიელები, ერაყელები, იემენელები და სხვა ისეთი ქვეყნების მოქალაქეები ცდილობენ, სადაც ეკონომიკური კრიზისი და ომია.

„თავდაპირველად იემენში ჩვენ მივედით ტურისტულ სააგენტოში, სადაც მივიღეთ ბელარუსში მიწვევა, რომელიც იყო დამოწმებული საკონსულოს მიერ, სასტუმროს ჯავშანი და სამედიცინო დაზღვევა. ამის შემდეგ ჩვენ ჩავედით ეგვიპტეში, სადაც აეროპორტში, მოწვევის საფუძველზე, მივიღეთ ბელარუსის ვიზა. ბელარუსში ჩავედით, როგორც ჩვეულებრივი ტურისტები“, – განუცხადა ერთ-ერთმა იემენელმა მიგრანტმა რუსულ Ria Novosti-ს.

ერთ-ერთმა ავღანელმა მიგრანტმა Reuters-ს უთხრა, რომ ბელარუსელი ჯარისკაცები აიძულებდნენ და ეხმარებოდნენ მიგრანტებს, რათა საზღვრამდე მისულიყვნენ. მისივე თქმით, ჯარისკაცების თანახმად, ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან მომავალი ბრძანება.

რუსეთი და სასაზღვრო კრიზისი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიცკიმ განაცხადა, რომ ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, ხელოვნურად ქმნის კრიზისს და დირექტივებს მოსკოვში იღებს.

მისი განცხადებით, მითითებების მიმცემი ლუკაშენკოსთვის პუტინია.

მან ოფიციალურად დაადანაშაულა რუსი და ბელარუსელი ლიდერები ევროკავშირის დესტაბილიზაციაში.

„ეს არის ახალი ტიპის ომი, სადაც ადამიანები ცოცხალ ფარად არიან გამოყენებული“, – განაცხადა მორავიცკიმ.

ოფიციალური მოსკოვი  ბრალდებებს უარყოფს.

„რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე შექმნილ მიგრანტთა კრიზისთან და ძალისხმევას არ იშურებს, რათა ის გადაჭრას“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა.

„რუსეთი, მსგავსად სხვა ბევრი ქვეყნისა, ცდილობს მოაგვაროს სიტუაცია. ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ ბელარუსელ კოლეგებთან“, – განაცხადა მან.


გარდა პოლონეთისა, მიგრანტები ბელარუსიდან ევროკავშირის კიდევ ორ ქვეყანაში, ლიეტუვასა და ლატვიაში გადასვლასაც ცდილობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი