ახალი ამბები

ღარიბაშვილისთვის მავნეს წოდების გამო ოხანაშვილმა წერეთელს დარბაზი დაატოვებინა

14 დეკემბერი, 2021 • 2008
ღარიბაშვილისთვის მავნეს წოდების გამო ოხანაშვილმა წერეთელს დარბაზი დაატოვებინა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „ტვ პირველის“ დირექტორი ვატო წერეთელი ირაკლი ღარიბაშვილისთვის „მავნეს“ წოდების გამო დარბაზიდან გააძევა.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც აზარტული თამაშების შესახებ ცვლილებათა პაკეტს, მათ შორის აზარტული თამაშების შესახებ რეკლამის საკითხს დაჩქარებულად განიხილავენ, ვატო წერეთელმა თქვა, რომ ეს ინიციატივები “მედიის ჩაწიხვლაა”.

“მედიებმა თავისი წლის განრიგი უნდა შეადგინონ, თავისი ფინანსები და ასე უცებ, თუ არა პირდაპირი წესით ჩაწიხვლა, ასე დაჩქარებულად განხილვა… დილას გავიგე და შევიკრიბოთ და უცებ განვიხილოთ… თუ არა კრიტიკული მედიის და საერთოდ მედიის ჩაწიხვლა, ასე უცებ შევხვდეთ, გადავწყვიტოთ იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც მე ვთვლი, რომ მავნე ადამიანია იმიტომ, რომ…”, – ამბობდა ვატო წერეთელი, რომელსაც ოხანაშვილმა მიკროფონი გამოურთო, უზრდელი უწოდა და დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

„ბატონო ვატო, თქვენ ხართ უზრდელი ადამიანი, ამიტომ ახლა გაბრძანდით სხდომათა დარბაზიდან და როცა ზრდილობას ისწავლით, შემდგომ შეგიძლიათ შემოხვიდეთ… მავნე ხართ თქვენ და უზრდელი, ასე რომ, გაიარეთ ახლა“, – მიმართა ოხანაშვილმა წერეთელს.


13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს სხვადასხვა მიმართულებით.

კერძოდ, სრულად იკრძალება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება (თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებული იქნება), 25 წლამდე პირებისთვის თამაში, ხოლო ონლაინ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მექანიზმი იცვლება.

ცვლილებების შედეგად, ჯამში, თამაში, მთავრობის თანახმად, 1 მლნ-მდე ადამიანს აეკრძალება.

ამის მიუხედავად, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლები არ შემცირდება.

საგადასახადო ცვლილებები, თუკი დამტკიცდა, 1 იანვრიდან შედის ძალაში.

კანონპროექტთა პაკეტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ვინ და როგორ დაისჯება აზარტული თამაშების რეგულაციების დარღვევისთვის – კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი