ახალი ამბები

ოპოზიცია უზენაეს სასამართლოში დანიშვნებს არალეგიტიმურად აფასებს

1 დეკემბერი, 2021 • 1407
ოპოზიცია უზენაეს სასამართლოში დანიშვნებს არალეგიტიმურად აფასებს

ოპოზიცია პარლამენტის არალეგიტიმურად აფასებს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს.

პარლამენტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარეს, “ლელოს” და “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს და მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

“ქართულმა ოცნებამ” საბოლოოდ მოაწერა ხელი ადეიშვილი-მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს გადმობარებას — სრული პასუხისმგებლობის აღებას ყველა იმ უსამართლობაზე, რომელსაც სასამართლოს კლანი სჩადიოდა მათ ხელისუფლებაში მოსვლამდე და აგრძელებს 2012 წლის შემდეგ.

ჩვენ დემარშის ნიშნად დავტოვეთ პროცესი, რომელიც არალეგიტიმურია. მთელი მსოფლიო, ქვეყნის შიგნით საკითხი თუ ვინმეს ესმის და ქვეყნის გარეთ, ერთხმად ამბობს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერებულიყო, აქამდე გატარებული რეფორმების შეფასება ჩატარებულიყო და შემდეგ მომხდარიყო ახალი, ჯანსაღი სისტემით ადამიანების განწესება სასამართლოში”, — განაცხადა “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” ტყუის, როდესაც ამბობს, რომ აქვს კარგი სისტემა და ოპოზიციას არცერთი წინადადება არ წარმოუდგენია. დასტურად, ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე წარმოადგინა “ლელოს” და “რეფორმების ჯგუფის” შემუშავებული ერთობლივი კანონპროექტი, რომელიც, მისი თქმით, კლანის პირობებშიც კი გახსნიდა დერეფანს უზენაესი სასამართლოს საზოგადოებისთვის სანდო, მაღალი რეპუტაციის და კვალიფიკაციის მქონე კადრებით დაკომპლექტებისთვის. ნაცვლიშვილის თქმით, “ოცნებამ” ოპოზიციის კანონპროექტის განხილვა ორჯერ გადადო და სრული იგნორირება გაუკეთა.

“ლელოს” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთობლივი განცხადება

“არავინ ენდობა კლანურ მართლმსაჯულებას და, საბოლოო ჯამში, ამით ზიანდებიან ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ინტერესები. დღეს მათ კიდევ ერთხელ გააფორმეს კლანური მართლმსაჯულება ქვეყანაში. ჩვენ არცერთ შემთხვევაში უკან არ უნდა დავიხიოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ სამართლიანი მართლმსაჯულება”, — განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის შეფასებით, უმრავლესობამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, როცა არ შეაჩერა უზენაეს სასამართლოში დანიშვნების პროცესი.

“ეს არ არის გამჭვირვალე, ეს არ არის საზოგადოების და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროცესი და, ბუნებრივია, წარმოდგენილ კანდიდატებს მხარი არ დავუჭირეთ”, — განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

პარტია “პროგრესი და თავისუფლების” ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ “უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან”.

“დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს ხელისუფლების მიტაცებას. „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა, იუსტიციის სამინისტრო და ყველა სხვა უწყება. მათ გააყალბეს საარჩევნო დემოკრატიული პროცესიც და არჩევნებიც, როგორც 2020, ისე 2021 წელს, არ ეკუთვნით ხელისუფლება და არ აქვთ უფლება, მოიმსახურონ სახელმწიფო ინსტიტუტები. სამწუხაროდ, დღეს ეს პროცესი გრძელდება სასამართლოების დაქვემდებარებით.

დემოკრატიული არჩევნებით არჩეულ ნებისმიერ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მომავალ ხელისუფლებას მოუწევს მართლმსაჯულების რეფორმის მყისიერად, ერთ-ორ თვეში გატარებაც და დასრულებაც. ღრმად ვარ დარწმუნებული, უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან, როგორც თავად „ქართული ოცნების“ დღევანდელი ლიდერები”, — აცხადებს ოქრიაშვილი.

ოპოზიციის, საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა 4 მოსამართლე — გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძე და თეა ძიმისტარაშვილი.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა, ასევე, გასაუბრებას არ დაესწრო სახალხო დამცველის წარმომადგენელიც. ამასთან, აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები მმართველ გუნდს უზენაესი სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ. უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავშეკავებას ითვალისწინებდა 19 აპრილის შეთანხმებაც.

“ქართულ ოცნებას” მესამე ვადით გამოუცხადა ნდობა ქართველმა ხალხმა, მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი. რა ლეგიტიმაცია არ გვაქვს, რომ განვაწესოთ ის მოსამართლეები, ვისაც გუნდი ჩათვლის საჭიროდ?” — ამ კითხვით გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 4 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი