ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა გამოწვევები საქართველოში – საია-ს 2021 წლის შეჯამება

10 დეკემბერი, 2021 • 1535
ადამიანის უფლებათა გამოწვევები საქართველოში – საია-ს 2021 წლის შეჯამება

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ [საია] ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შემაჯამებელ განცხადებას ავრცელებს, სადაც წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ ძირითად გამოწვევებს უსვამს ხაზს.

ორგანიზაცია რამდენიმე პრობლემურ მიმართულებაზე საუბრობს, მათ შორის, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელიც პანდემიისას კიდევ უფრო დამძიმდა – „სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები კი, წინა წლის მსგავსად, არ აღმოჩნდა საკმარისი“.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, როგორც 2020, ასევე 2021 წლებში ქვეყანაში შეზღუდული იყო არაერთი ეკონომიკური საქმიანობა, რის გამოც საკმაოდ ბევრმა ადამიანმა შემოსავალი დაკარგა. ამან საფრთხის ქვეშ დააყენა მათ მიერ სასესხო და საკრედიტო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების საკითხი. საბანკო დაწესებულებებმა ფიზიკურ პირებს საბანკო სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო სესხის ვადა გაუხანგრძლივეს, რამაც დარიცხული პროცენტის ზრდა გამოიწვია. შედეგად, მათ ყოველთვიურად იმაზე მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე შეზღუდვების ამოქმედებამდე“, – წერს ორგანიზაცია.

საია ასევე ხაზს უსვამს პანდემიის პერიოდში ბავშვებისთვის სრულფასოვანი განათლების უფლების რეალიზაციის პრობლემას და ამბობს, რომ დისტანციურად წარმართული საგანმანათლებლო პროცესი სრულყოფილად ვერ ცვლის საკლასო ოთახში ჩატარებულ გაკვეთილებს, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი სოციალურად დაუცველია და არ აქვს წვდომა ინტერნეტზე ან შესაბამის ელექტრონულ მოწყობილობებზე.

„2021 წელს დაფიქსირდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მძიმე შემთხვევები. ლგბტქი თემის წევრებისთვის კვლავ განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს გამოხატვის და შეკრების უფლებების პრაქტიკაში თავისუფლად რეალიზება. აგრეთვე, გაიზარდა მედიის წარმომადგენელთა პროფესიულ საქმიანობაში ჩარევისა და მათ მიმართ ძალადობის შემთხვევები. გარდა ამისა, ბოლო წლებში განხორციელებული თავდასხმები ძირითადად გამოუძიებელია. ამ გამოწვევათა კულმინაციის ნათელი მაგალითია თბილისში 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი მოვლენები. 5 ივლისს, „ღირსების მარშის“ დაწყებამდე, დილიდან დაიგეგმა  კონტრაქცია, სადაც ძალადობრივი ჯგუფის წევრები ათობით მედიის წარმომადგენელს დაესხნენ თავს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ არ უზრუნველყო ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება და მათი აღკვეთა. შედეგად, „თბილისი პრაიდი“ იძულებული გახდა, ღონისძიება გაეუქმებინა და ლგბტქი პირებს, ფაქტობრივად, წაერთვათ შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა“.

ასევე, საიამ გამოწვევად დაასახელა წელს ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკა და სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. კლანი.

„2021 წლის არჩევნების კამპანიის პერიოდი ძალადობის, პოლიტიკურად მოტივირებული სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე წარიმართა. ეს ინციდენტები ქმნიდა ნეგატიურ ფონს და კიდევ უფრო აღრმავებდა არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციას.  საიასთვის ცნობილი გახდა ოპოზიციის მიმართ ზეწოლისა და მუქარის სავარაუდო შემთხვევებიც. მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის რამდენიმე შემთხვევა როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან.

ხოლო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს შექმნილმა დაძაბულმა გარემომ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ქცევაზე და რიგ შემთხვევებში ხელი შეუშალა საარჩევნო უფლების თავისუფალ რეალიზებას“, – წერს საია.

სრულად ორგანიზაციის შეჯამება წაიკითხეთ აქ. 

მთავარი ფოტო: საია-ს კოლაჟი

ნახეთ ასევე:

ადამიანის უფლებათა დარღვევები 2021 წელს — SJC-ის შემაჯამებელი ანგარიში

მასალების გადაბეჭდვის წესი