ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დარღვევები 2021 წელს — SJC-ის შემაჯამებელი ანგარიში

10 დეკემბერი, 2021 • 1428
ადამიანის უფლებათა დარღვევები 2021 წელს — SJC-ის შემაჯამებელი ანგარიში

ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ [ SJC — ყოფილი EMC]  ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 2021 წლის შემაჯამებელ ანგარიშს ავრცელებს.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ 2021 წელს ქვეყანა შეხვდა განგრძობადი პოლიტიკური კრიზისით , რომელიც ვერც საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით გაფორმებულმა 19 აპრილის პოლიტიკურმა შეთანხმებამ განმუხტა და ვერც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა. პოლიტიკური კრიზისზე დაფუძნებული დღის წესრიგიდან სრულად აღმოჩნდა გამოტოვებული:

  • პანდემიის შემაშფოთებელი ადამიანიური და სოციალური შედეგები;
  • ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ინფილაციის უპრეცედენტო მასშტაბების ფონზე კიდევ უფრო დამძიმდა;
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვაზე მიმართული რეფორმების საკითხები.

„პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალიზაცია განსაკუთრებით საგრძნობი იყო თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში. წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების სამუშაო სტრატეგიები საგანგებო მდგომარეობის პერსპექტივას უფრო დაეფუძნა, რომელშიც სრულად იყო იგნორირებული რეგიონებისა და ქალაქების რეალური გამოწვევები და საჭიროებები. ანტაგონიზმმა და მტრულმა რიტორიკამ დაიკავა პოლიტიკური თუ მედიასივრცე და ვერ მოიძებნა ვერც პოლიტიკური და ვერც საზოგადოებრივი რესურსი ამ სიტუაციის განსამუხტად.

პირიქით, არჩევნებზე დაფიქსირებულმა ხარვეზებმა და პარალელურ რეჟიმში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ვითარების რადიკალიზებას. სააკაშვილის ფაქტორმა პოლარიზების სიტუაცია გააღრმავა და ამ ფონზე მცირე პოლიტიკური პარტიების გავლენები და საარჩევნო მაჩვენებელები კიდევ უფრო შესუსტდა“, – წერს ორგანიზაცია.

ამასთანავე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ხაზს უსვამს, რომ მმართველი გუნდში მიმდინარე არადემოკრატიულმა შიდა პროცესებმა დააზიანა ქვეყნის ევროპიზაციის პროცესი, ხოლო ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნის შემდეგ – „მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერების მხრიდან ისმოდა შემაშფოთებელი განცხადებები ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მიმართ“.

ამავე განცხადებაში, ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ცენტრის შეფასებით მკვეთრად პრობლემური იყო. ასევე „შემაშფოთებელია არჩევნების შემდგომ ცალკეულ თვითმმართველ ერთეულებში განვითარებული ტენდენციები, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა ძალაუფლების კონსოლიდაციის მიზნით ცდილობს საკრებულოებში ახლად არჩეულ ოპოზიციონერ დეპუტატებზე ზეწოლასა და გადმობირებას“.

„2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულმა კრებსებმა, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასობრივ უკანონო მოსმენებს აჩვენებს, კიდევ ერთხელ გამოავლინა პოლიტიკურ სისტემაში უსაფრთხოების სამსახურების ჭარბი გავლენები და მათი შეღწევა მიკროსოციალურ ურთიერთობებშიც, რაც სოციალური კონტროლის და უნდობლობის უმძიმეს გამოცდილებას ქმნის“.

„2021 წელს კვლავ მწვავედ წამოიჭრა ულტრამემარჯვენე ჯგუფების რადიკალიზებისა და ძალადობის პრობლემა. წლების განმავლობაში ამ ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლურმა პოლიტიკამ და დაუსჯელობამ კიდევ უფრო გაზარდა ამ ჯგუფებისგან მომავალი საფრთხეები. ამ კუთხით განსაკუთრებით შემაშფოთებელია 2021 წლის 5-6 ივლისს „პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე გამოვლენილი მასობრივი, წინასწარ ორგანიზებული ძალადობა ალტ-ინფოს ჯგუფის ლიდერების მხრიდან, რასაც 52 ჟურნალისტის უფლების და პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა, მათ შორის, რამდენიმე მათგანის მიმართ ძალადობა მოჰყვა.

უნდა აღინიშნოს, რომ მოვლენების გამოძიება ამ დრომდე ფრაგმენტულად მიმდინარეობს და აშკარად არ იკვეთება ხელისუფლების პოლიტიკური ნება, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორებს. ამ ფონზე სწორედ ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის სფეროში ექცევა ამ ჯგუფების მიერ პარტიებისა და ტელევიზიების დაფუძნება და ინსტიტუციური პოლიტიკის ველში მკვეთრად ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური ძალების შემოსვლა“, – წერია განცხადებაში.

„ცხადია, რომ პოლიტიკური პოლარიზების, სუსტი დემოკრატიზაციისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პირობებში არსებითად შეუძლებელი ხდება ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობა, რომელიც კონფლიქტების მშვიდობიან ტრანსფორმაციას და შერიგების პოლიტიკის ახალ საფეხურზე აყვანას დაუკავშირდება.

ამდენად, ღრმა და გადაუჭრელმა პოლიტიკურმა კრიზისმა და პოლარიზებამ, მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების არადემოკრატიულმა მცდლობებმა, პანდემიამ, ღრმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ინფილაციამ არსებითად გააუარესა ჩვენი მოქალაქეების ყოფა და უფლებრივი მდგომარეობა. აშკარაა, რომ სხვადასხვა ტიპის სოციალურ კონფლიქტსა და უკმაყოფილებას სახელმწიფო ვერ პასუხობს გრძელვადიანი სოციალური და სამართლებრივი რეფორმებით, რაც საბოლოოდ არასტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს ქმნის და სოციალურ უიმედობას იწვევს,“.

ვრცლად ეს ანგარიში წაიკითხეთ აქ. 

მთავარი ფოტო: სოციალური სამართლიანობის ცენტრის კოლაჟი

მასალების გადაბეჭდვის წესი