ახალი ამბები

წულუკიანმა 3 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები უკონკურსოდ დანიშნა

8 დეკემბერი, 2021 • 1274
წულუკიანმა 3 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები უკონკურსოდ დანიშნა

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები კონკურსის გარეშე, “საკუთარი შეხედულებით” დანიშნა. ამის შესახებ წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომლის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ მედიის ნაწილს, მათ შორის, “ნეტგაზეთს” არ მიაწოდა.

თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რობერტ სტურუა, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ “აფხაზეთის” სამხატვრო ხელმძღვანელად გელა კანდელაკი, ხოლო რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ლევან გაბრიაძე დაინიშნენ.

სამივე მათგანი ამავე თეატრების მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელია და ამ პოზიციაზე ყოფნის ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურება.

სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნისას წულუკიანმა პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონი გამოიყენა, რომლის თანახმადაც, მინისტრს უფლება აქვს, სამხატვრო ხელმძვანელი საკუთარი შეხედულებით დანიშნოს.

“მე, როგორც კულტურის მინისტრმა, ჩავთვალე, რომ ამ თეატრში [გაბრიაძის] ახლა ცვლილებების დრო არ არის, პირიქით, ამ თეატრში, და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაგრძელდეს ის დიდი შემოქმედებითი პროცესი, რომელსაც რამდენიმე ათეული წლის წინ დიდმა რეზო გაბრიაძემ ჩაუყარა საფუძველი და სწორედ, ვფიქრობ, ვის, თუ არა ლევან გაბრიეაძეს უნდა გამოვუცხადოთ ნდობა, რომელიც გააგრძელებს ამ თეატრის არა მხოლოდ განვითარებაზე ზრუნვას, არამედ იმ მემკვიდრეობის შენარჩუნებზე ზრუნვას, რომელიც რეზო გაბრიაძემ დაუტოვა ქართულ კულტურას და, მე ვიტყოდი, მსოფლიო კულტურასაც.

“ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრი “აფხაზეთის” სამხატვრო ხელმძღვანელად ინიშნება ღვაწლმოსილი რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი, ყველასათვის ცნობილი გელა კანდელაკი. მე მინდა ამ ტრიბუნიდან მივაგო პატივი ბატონ გელას და ვუთხრა მადლობა იმ მრავალი ათეული წლის ფასდაუდებელი სამუშაოსთვის, რომელიც მან გასწია, როგორც თავისუფალმა შემოქმედმა, რომელიც არცერთ პოლიტიკურ კონინუქტურას არ დაემორჩილა და ქმნიდა ძალიან მნიშვნელოვან შემოქმედებით პროდუქტს და ზრდის არაერთ ახალგაზრდას ამ დიდი საქმის გასაგრძელებლად. მათ შორის, ოკუპირებული ტერიოტირებიდან დევნილ ახალგაზრდებს.

“შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად ინიშნება ბატონი რობერტ სტურუა. მე, როგორც კულტურის მინისტრმა, აქაც, ამ თეატრის შემთხვევაშიც ჩავთვალე, რომ ბატონი რობერტი, მიუხედავად იმ კრიტიკისა, რომელიც მის ასაკთან მიმართებაში ისმის, და არამხოლოდ ასაკთან მიმართებაში, სწორედ ეს არის ის ადამიანი, რომელმაც ამ თეატრის ხელმძღვანელობა უნდა გააგრძელოს მომდევნო 4 წლის ვადით”, – განმარტა წულუკიანმა.

მისი თქმით, სამივე ხელმძღვანელს მოეთხოვება, რომ წლის ბოლომდე სამოქმედო გეგმა წარადგინონ.

ამასთან, მინისტრმა 4 თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. კერძოდ, კონკურსი ცხადდება გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის, აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატული თეატრის და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების პოზიციაზე.

ასევე, კულტურის მინისტრის 6 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს ახალი დებულება, რომლის თანახმადაც კონკურსს აცხადებს სამინისტრო და თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

სამინისტროსათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ:

  • თეატრალური ან მუსიკალური (ოპერისა და ბალეტის თეატრის შემთხვევაში) საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
  • თეატრალური ან მუსიკალური (ოპერისა და ბალეტის თეატრის შემთხვევაში) საქმიანობით დაკავებული პირებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.

სამინისტროს ცნობით, კანდიდატებს განიხილავს კულტურის სამინისტრო, შემდეგ შერჩეულ კანდიდატთა სია სარეკომენდაციო საბჭოს წარედგინება, საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები კი კულტურის მინისტრს წარედგინება.

რაც შეეხება დღეს, 8 დეკემბერს გამართულ დახურულ ბრიფინგს, მასზე არ დაუშვეს “TV პირველის” ჟურნალისტები. ტელეკომპანიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამინისტროში მისულ ჟურნალისტს ადმინისტრაციის თანამშრომელი ეუბნება, რომ “წინასწარ იცის, რომელი ტელევიზია უნდა შეუშვან”:

“ასე არ გავუფრთხილებივართ, რომ არ შემოუშვათო, მაგრამ სია გვაქვს, ვინც უნდა შევიდეს. მე როგორც ვიცი, TV პირველი არ უნდა შევიდეს…”, – უთხრა ადმინისტრაციის თანამშრომელმა.

ჟურნალისტის თხოვნაზე, მისთვისაც ეჩვენებინათ აღნიშნული სია, ადმინისტრაციის თანამშრომელმა თქვა: “ნუ, არ არის სია და… ზეპირად იცის დაცვამ”.

“ნეტგაზეთი” დილიდან ცდილობდა კულტურის სამინსიტროსთან დაკავშირებას, თუმცა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი რუსუდან უშიკიშვილი სატელეფონო ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს.

კულტურის მინისტრის ბრიფინგზე ჟურნალისტების არდაშვების პირველი შემთხვევა არ არის. 22 ნოემბერს სამინისტროში ბრიფინგზე არ დაუშვეს “TV პირველის” და “მთავარი არხის” ჟურნალისტები. მაშინ სამინისტროს მხრიდან დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია “ნეტგაზეთსაც” და უწყების პრესსამსახური, დღევანდელის მსგავსად, მაშინაც არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს.

სამინისტროში წულუკიანის ბრიფინგზე “მთავარი არხი” და “TV პირველი” არ შეუშვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი